საბა ბუაძე - ჩვენი გზავნილი პომპეოსთვის ცნობილია, თუმცა უკეთესი იქნებოდა, ოპოზიციას სახელმწიფო მდივანთან პირისპირ საუბრის საშუალება ჰქონოდა
საბა ბუაძე - ჩვენი გზავნილი პომპეოსთვის ცნობილია, თუმცა უკეთესი იქნებოდა, ოპოზიციას სახელმწიფო მდივანთან პირისპირ საუბრის საშუალება ჰქონოდა

მაიკ პომპეოს ვიზიტი ასეთ ტურბულენტურ და რთულ ვითარებაში უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისთვისაც, რადგან რთული სიტუაცია არა მხოლოდ საქართველოშია, არამედ ბოლო საბრძოლო მოქმედებებმა რეგიონში ვითარება კიდევ უფრო დაძაბა, რასაც ძალიან დიდი გავლენა აქვს საქართველოზე, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა საბა ბუაძემ განაცხადა.

როგორც ბუაძე ამბობს, უკეთესი იქნებოდა, ოპოზიციას სახელმწიფო მდივანთან პირისპირ საუბრის საშუალება ჰქონოდა.

„ჩვენი გზავნილი სახელმწიფო მდივნის მიმართ არის ერთიანი, რაც გულისხმობს, რომ ქართული საზოგადოება არ შეეგუება ივანიშვილისა და ვიწრო ჯგუფის მიერ ხელისუფლების მიტაცებას. ამას ვუპირისპირდებით. ჩვენი გზავნილი პომპეოსთვის ცნობილია, ამიტომ მისი ვიზიტის საუბრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება საქართველოში ჩატარებული არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები მიიჩნევენ საკონსტიტუციო პრინციპებისა და სამართლიანი არჩევნების პრინციპების დარღვევად. უკეთესი იქნებოდა, ოპოზიციას სახელმწიფო მდივანთან პირისპირ საუბრის საშუალება ჰქონოდა, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ეს ვიზიტი წინასწარ შედგენილია, რომლის ძირითდი ფოკუსი სხვა იყო, მაგრამ ვინაიდან საქართველოში არჩევნები გაყალბდა, საუბრის ერთ-ერთი თემა ეს იქნება“, – განაცხადა საბა ბუაძემ.