საბა ბუაძე - ამერიკის საელჩოს განცხადებას ინგლისურ ენაზე უნდა გავეცნო (ვიდეო)

ამერიკის საელჩოს განცხადებას უნდა გავეცნო, თან ინგლისურ ენაზე, რადგან ამ განცხადებების ინტერპრეტაცია ხდება ხოლმე სხვადასხვაგვარად, – ასე უპასუხა „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა, საბა ბუაძემ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვას, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში ამერიკის საელჩოს განცხადებას შეეხებოდა.

მისი თქმით, ხშირად საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებების ინტერპრეტირება ხდება.

„ამერიკის საელჩოს განცხადებას უნდა გავეცნო, თან ინგლისურ ენაზე, რადგან ამ განცხადებების ინტერპრეტაცია ხდება ხოლმე სხვადასხვაგვარად. ამიტომ, გავეცნობი განცხადებას და შემდეგ შემიძლია კომენტარი გავაკეთო. შეიძლება განცხადებას ჰქონდეს სხვადასხვა ინტერპრეტაციას. დღესაც ეუთო-ს დასკვნა იყო საკმაოდ კრიტიკული. მემგონი, არჩევნები როგორ ჩატარდა ეს ნახა ყველამ“, – განაცხადა ბუაძემ.

დღეს, საქართველოში ამერიკის საელჩომ საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შეფასების შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საელჩო იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ „საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა, თუმცა ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები, მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა“.

ამასთან, როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, საარჩევნო პროცესის ხელყოფის მცდელობები, მიუხედავად იმისა, რომ შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის არ არის საკმარისი, განაგრძობს საარჩევნო პროცესის დაზიანებას და მიუღებელია.

„საარჩევნო პროცესის ხელყოფის ეს მცდელობები: ამომრჩევლის დაშინება, მოსყიდვა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, პარტიული და ოფიციალური საქმიანობის არამკვეთრი გამიჯვნა და საარჩევნო დამკვირვებლებსა და ჟურნალისტებზე ძალადობა, მიუხედავად იმისა, რომ შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის არ არის საკმარისი, განაგრძობს საქართველოს საარჩევნო პროცესის დაზიანებას და მიუღებელია“, – ნათქვამია განცხადებაში.