საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ დიდთოვლობის გამო აჭარაში გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს
საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ დიდთოვლობის გამო აჭარაში გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

მესამე დღეა, ინტენსიურად თოვს აჭარაში. მთიან ზონაში თოვლის საფარმა მეტრ-ნახევარს გადააჭარბა. ამ დროისთვის ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა შესაძლებელია, თუმცა გოდერძის უღელტეხილის მიმართულებით მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანები გადაადგილდება.

მოძრაობა შეფერხებულია აჭარის მთიანი სოფლების ნაწილიდან ადმინისტრაციულ ცენტრებამდე. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები.

„გზები ინტენსიურად იწმინდება, თუმცა ნალექი უხვია. ტექნიკა მობილიზებულია ყველგან, მძღოლებს კი მოვუწოდებთ, მთიან ზონაში მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებით გადაადგილდნენ“, – განაცხადა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზაზა შავაძემ.

თოვლმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც მთიანი სოფლების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამასთან, დიდთოვლობის გამო ბათუმის გარდა, ყველა მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი გადაიდო. რაც შეეხება სკოლებს, მთიან ზონებში დასწრება შემცირებულია. ბათუმში ნალექს პრობლემები არ შეუქმნია.