საავტომობილო გზების დეპარტამენტს გრიგოლეთი-ქობულეთის შემოსავლელი გზის მშენებლობისთვის ​კერძო მესაკუთრეების ქონების ჩამორთმევის უფლება მიენიჭა
საავტომობილო გზების დეპარტამენტს გრიგოლეთი-ქობულეთის შემოსავლელი გზის მშენებლობისთვის ​კერძო მესაკუთრეების ქონების ჩამორთმევის უფლება მიენიჭა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტს კერძო მესაკუთრეებისთვის ქონების ჩამორთმევის უფლება მიენიჭა.

​გრიგოლეთი-ქობულეთის შემოსავლელი საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობის დაგეგმილი პროექტი კერძო მესაკუთრეთა კუთვნილ ტერიტორიაზე გადის. მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, მესაკუთრეებმა ქონება არ დათმეს. იმის გამო, რომ პროექტის განხორციელება რისკის ქვეშ დგას, საავტომობილო გზების დეპარტამენტი კერძო მესაკუთრეებს კუთვნილ უძრავ ქონებას იძულებით ჩამოართმევს.

2 700 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელსაც ექვსი მეპატრონე ჰყავს, მალე სახელმწიფოს გადაეცემა. მესაკუთრეებს კი გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად ერთთვიანი ვადა აქვთ.

„ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: გრიგოლეთი-ქობულეთის შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს პროექტის ფარგლებში მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლება“, – ნათქვამია საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებულ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებაში.

ასეთივე პრობლემის წინაშე დგას სამი მესაკუთრე ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტის გამო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გადაწყვეტილებით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის მშენებლობა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებაა, რომლის განხორციელებისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტს კერძო მესაკუთრეებისთვის ქონების ჩამორთმევის უფლება მიენიჭა.