საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2018 წელს 92 პროექტი დაასრულა
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2018 წელს 92 პროექტი დაასრულა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2018 წელს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

მათივე ინფორმაციით, დასრულდა ქობულეთის შემოვლითი გზის 18 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა. აღნიშნულ გზაზე აშენდა საქართველოში ამ დროისთვის ყველაზე გრძელი – 1180 მ-იანი ხიდი.

„ახალი გზა ქობულეთს სრულად განტვირთავს სატრანზიტო მოძრაობისგან, რაც კურორტის ეკოლოგიურ გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს. ახალი გზა თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობის დროს 30 წუთით ამცირებს.

დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას, აშენდა ახალი გვირაბი, რომელიც ამ დროისთვის, უპრეცენდენტოა საქართველოში. 1950-იანი წლებიდან მოყოლებული, რიკოთის საავტომობილო გვირაბის მშენებლობის შემდეგ, მსგავსი მასშტაბის გვირაბის მშენებლობა საქართველოში არ განხორციელებულა. 2 კმ-მდე გვირაბი, სტიქიის ზონაში უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს.

ასევე, დასრულდა სტეფანწმინდა-სამების ეკლესიამდე მისასვლელი გზის მშენებლობა, ტურისტებს, ადგილობრივ მოსახლეობას და მომლოცველებს გერგეტის სამებამდე მისვლა უკვე განახლებული, კომფორტული და უსაფრთხო გზით შეუძლიათ“,- აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

მათივე ცნობით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სულ 92 პროექტი დაასრულა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 220 კმ. გზას, 21 ხიდსა და ერთ გვირაბს. აშენდა რვა ახალი ხიდი და დასრულდა 17 ნაპირსამაგრი პროექტი.

როგორც უწყებაში აცხადებენ, 2019 წელს დაიწყება რიკოთის საუღელტეხილო გზისა და ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა, ასევე დაგეგმილია 300 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია.

2019 წელს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი ერთი მილიარდ 300 მილიონ ლარი იქნება.