საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 51 კმ-მდე გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, გზა საჩხერიდან იწყება და გაივლის შემდეგ სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, კვაშხიეთი, ზუდალი და საბოლოოდ გზა შეუერთდება ამბროლაური-ონის გზას, რომელიც ქ. ამბროლაურიდან დაშორებულია 20 კმ-ით, ხოლო ქ. ონიდან 5 კმ-ით. პროექტი შვიდ მონაკვეთადაა დაყოფილი.

„გზის დიდი ნაწილი ფაქტობრივად დაუსახლებულ ტყიან ზონაში მდ. ხეორის ხეობაში გადის და ზღვის დონიდან 1000-1500 მ სიმაღლეზე მდებარეობს. არსებული გზა გრუნტოვანი იყო, პროექტის შესაბამისად კი გზის სრული რეაბილიტაცია მოხდება და ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება.

ამ დროისთვის, ინტენსიური სამუშაოები 5 ლოტზე ერთდროულად მიმდინარეობს, კერძოდ მიწის სამუშაოები, ხელოვნური ნაგებობების მოწყობა და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება ხორციელდება. სამუშაოები, დასრულების ეტაპზეა მე-2 ლოტის 5 კმ-იან მონაკვეთზე. ზემო იმერეთი-რაჭის გზის პირველი ლოტის 3.5 კმ-იან მონაკვეთზე სამუშაოები დარსულებულია. დარჩენილ მე-7 ლოტზე სამუშაოების დაწყება და დასრულება დაგეგმილა 2021 წლისთვის.

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ძალიან მნიშვნელოვანია სოციალ-ეკნომიკური თვალსაზრისით. საჩხერე-ონის მარშრუტის სამგზავრო დრო (სიგრძე 111 კმ) დაახლოებით 2 საათია, ხოლო ზემო იმერეთი – რაჭის ახალი საავტომობილო გზით საჩხერე-ონის მარშრუტი სულ მცირე 1 საათით მცირდება. სატრანსპორტო მოძრაობა საჩხერე-ონის გზაზე მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურებისა და უსაფრთხოების ხარისხს, განსაკუთრებით ქალაქებსა და სოფლებში. თბილისიდან ონში მგზავრობის დრო 1,5 საათით შემცირდება და 6 საათის ნაცვლად მგზავრობის დრო 4,5 საათი იქნება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ახალი დამაკავშირებელი გზა გამოაცოცხლებს ლეჩხუმისა და რაჭის რეგიონებს და მათ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის საერთო სავარაუდო ღირებულება 105 000 000 ლარს შეადგენს და მისი დასრულება ეტაპობრივად 2020-2021 წლებში არის დაგეგმილი.