საავტომობილო გზების დეპარტამენტი - მდინარე რიონზე მშენებარე საავტომობილო ხიდის დაზიანების მიზეზების კვლევა მიმდინარეობს
საავტომობილო გზების დეპარტამენტი - მდინარე რიონზე მშენებარე საავტომობილო ხიდის დაზიანების მიზეზების კვლევა მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოთხოვნით, სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის შემადგენელი მშენებარე საავტომობილო ხიდის დაზიანების მიზეზების დასადგენად პირველადი კვლევის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ.

„მდინარე რიონზე საავტომობილო ხიდი სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის პროექტის ფარგლებში შენდება. ხიდის ერთ-ერთი ბურჯი 2023 წლის 21 თებერვალს დაზიანდა, რამაც ხიდის ორი მალის ნაშენის ჩაწოლა გამოიწვია.

ხიდის დაზიანების მიზეზების დასადგენად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოთხოვნით, კომპლექსური შესწავლა დაიწყო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნულმა ბიურომ. მოცემულ ეტაპზე უკვე შესაძლებელი გახდა აკვალანგებით ხიდის ვიზუალური დათვალიერება, მისი კონსტრუქციული ნაწილის სკანირება, ბათიმეტრიული კვლევის ჩატარება ანუ წყლის სიღრმისა და ფსკერის, ხიდის კონსტრუქციისა და ფუძე-საძირკვლების შესწავლა და ბურღვითი სამუშაოები“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ კვლევითი სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება.

„ჩატარდება სხვადასხვა ხასიათის კვლევა და გამოცდა, რომელთა ანალიზის საფუძველზე დადგინდება ხიდის დაზიანების კონკრეტული მიზეზები. საბოლოო დასკვნის შედგენის შემდეგ განისაზღვრება ხიდის აღდგენისა და სამუშაოების გაგრძელებისთვის აუცილებელი ღონისძიებები. საგამოძიებო ორგანოების მიერ კი გაკეთდება შემთხვევის სამართლებრივი შეფასება“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

უწყების ცნობით, სამტრედია-გრიგოლეთის 11.5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. ეს მონაკვეთი გვერდს უვლის ქალაქ სამტრედიას და სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელს (ტოლებს, გორმაღალას, პირველ მაისს, გაუწყინარს). სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.