საავტომობილო გზების დეპარტამენტი - ჭუბერში მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად დაზიანებულ მონაკვეთებზე სამუშაოები წყლის დონის დაკლებისთანავე დაიწყება
საავტომობილო გზების დეპარტამენტი - ჭუბერში მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად დაზიანებულ მონაკვეთებზე სამუშაოები წყლის დონის დაკლებისთანავე დაიწყება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში, ჭუბერში მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად დაზიანებულ მონაკვეთებზე სამუშაოები წყლის დონის დაკლებისთანავე დაიწყება.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ დროისთვის ჭუბერის მოსახლეობას და მიმდებარე ინფრასტრუქტურას საფრთხე არ ემუქრება.

„მხოლოდ რამდენიმე დამცავი ნაგებობა დაზიანდა უმნიშვნელოდ, რომლის აღდგენის სამუშაოებიც წყლის დონის დაკლებისთანავე დაიწყება. საჭიროების მიხედვით ადგილზე მობილიზდება შესაბამისი ტექნიკა.

გასულ წელს, ჭუბერში მომხდარი სტიქიის შემდეგ, ჩატარდა აღდგენითი და სტიქიის პრევენციის ღონისძიებები, მდინარე ნენსკრას კალაპოტში მოეწყო ნაპირსამაგრი ნაგებობები.

მიუხედავად იმისა, რომ გუშინ მდინარე ნენსკრაზე დაფიქსირდა მაქსიმალური რაოდენობის ნალექი, რომელიც შესაძლებელია მოვიდეს 100 წელიწადში ერთხელ, ყველა ნაპირსამაგრი და სტიქიის საპრევენციო ნაგებობა თავის ფუნქციას ასრულებს, მხოლოდ რამდენიმე უმნიშვნელო დაზიანებაა, რაც მოსახლეობას და მიმდებარე ინფრატსრუქტურას საფრთხეს არ უქმნის.

ამჟამად ადგილზე მობილიზებულია მუნიციპალური სამსახურები და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია შესაბამისი ტექნიკა.

შეგახსენებთ, რომ შარშან სვანეთში, სოფელ ჭუბერში ძლიერი წვიმის შედეგად მთა ჩამოიშალა და მდინარე ნენსკრა დაგუბდა, დაგუბებულმა წყალმა კი მეწყრისგან ჩაკეტილი კალაპოტი გაარღვია და მდინარის პირას მდებარე სახლები წაიღო. დაინგრა მდინარეზე არსებული რამდენიმე ხიდი, გარესამყაროს იყო მოწყვეტილი ჭუბერის ხეობა და 10-ზე მეტი სოფელი”, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.