საავტომობილო გზების დეპარტამენტი - ცენტრალური გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტი - ცენტრალური გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

უწყებაში აცხადებენ, რომ ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ამ დროისთვის, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის, ახალციხე-ნინოწმინდის, ახალქალაქი-კარწახის და ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ასევე ამ დროისთვის, საჩხერე-ონის გზასა და ნაქერალას უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილების რეჟიმი მოხსნილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა ჯერჯერობით კვლავ ძალაშია.

გადაადგილების სპეციალური რეჟიმები ნარჩუნდება შემდეგ საავტომობილო გზებზე – მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.; მლეთა-გუდაურის და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა და ქარბუქი) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ106 მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი- ბენარას საავტომობილო გზის კმ1-კმ50 მონაკვეთზე (ქუთაისი-საირმე) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო კმ28-კმ50 მონაკვეთზე, (ბაღდათი-საირმე) დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა- ტყიბულის საავტომობილო გზის კმ16-კმ29 მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი- ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ42-კმ125 მონაკვეთზე (ცაგერი-მელე) აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ42 (წყალტუბოს გადასახვევი-ცაგერი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ186 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.