საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიები არსებული მიმართულებებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის სიხშირეს ზრდიან
საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიები არსებული მიმართულებებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის სიხშირეს ზრდიან

ზაფხულის სანავიგაციო სეზონის პიკურ პერიოდში საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით ფრენების ინტენსივობა იზრდება.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიები არსებულ საჰაერო ხაზებზე რეგულარული რეისების სიხშირეს ზრდიან.

კერძოდ, როგორც საქართველოს პირველ არხს აცნობეს, ავიაგადამზიდველების მიერ, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადების მიხედვით, რეგულარული ფრენები არსებულ მიმართულებებზე შემდეგი სიხშირეებით განხორციელდება:

15 ივლისიდან 25 ივლისამდე პერიოდში, ავიაკომპანია FlyDubai დუბაი-თბილისი-დუბაის მიმართულებით 19 დამატებითი რეისის შესრულებას გეგმავს;

პირველი ივლისიდან 11 სექტემბრამდე, ავიაკომპანია Qatar Airways-ი დოჰა-თბილისი-დოჰას მიმართულებით კვირაში სამ სიხშირეს დაამატებს და ამ პერიოდის განმავლობაში, ჯამში რეისები კვირაში 10 სიხშირით შესრულდება;

პირველი ივლისიდან 29 აგვისტომდე, ავიაკომპანია Uzbekistan Airways-ი ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტის მიმართულებით კვირაში ერთი სიხშირის დამატებას გეგმავს და აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ფრენები კვირაში 3 სიხშირით განხორციელდება.

20 ივნისიდან 24 ოქტომბრამდე, ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan-ი დაამატებს ერთ სიხშირეს ნურსულთანი-ქუთაისი-ნურსულთანის საჰაერო ხაზზე. შესაბამისად, რეისები აღნიშნული მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით შესრულდება.

ამასთან, ავიაკომპანია ზრდის ფრენის სიხშირეს აქტაუ-ქუთაისი-აქტაუს მიმართულებით და 5 ივლისიდან 25 ოქტომბრამდე, ავიარეისებს კვირაში ოთხი სიხშირით შეასრულებს, ნაცვლად სამი სიხშირისა;

პირველი ივლისიდან 12 სექტემბრამდე, ავიაკომპანია Belavia მინსკი-ბათუმი-მინსკის საჰაერო ხაზზე ოთხი სიხშირის დამატებას გეგმავს. ჯამში, აღნიშნული მიმართულებით რეგულარული რეისები კვირაში 18 სიხშირით განხორციელდება;

უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი 24 ივნისიდან ამატებს კიდევ ერთ სიხშირეს ოდესა-თბილისი-ოდესის საჰაერო ხაზზე. ფრენები აღნიშნული მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით სრულდებოდა. გაზრდილი სიხშირით ოპერირებას ავიაკომპანია სეზონის ბოლომდე (28 ოქტომბერი გეგმავს).

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, რომ ავიაკომპანიებს გაზრდილი სიხშირით ოპერირების ნებართვა უკვე მიენიჭათ.