საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს უფლებამოსილება ექნება, ეკომიგრანტებზე გრანტები გასცეს
საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს უფლებამოსილება ექნება, ეკომიგრანტებზე გრანტები გასცეს

საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს უფლებამოსილება ექნება, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა (ეკომიგრანტთა) სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, საარსებო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის გრანტები გასცეს.

შესაბამისი ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორი მთავრობაა.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, სააგენტო უფლებამოსილია, გრანტები მხოლოდ დევნილთა მიმართულებით გასცეს.

„მიზანშეწონილია, რომ ეკომიგრანტთა საარსებო წყაროების შექმნის ღონისძიებები, მათ შორის ამ მიზნით გრანტების გაცემა შესაბამისი გამოცდილების მქონე სააგენტომ განახორციელოს, რომლის უფლებამოსილებასაც განეკუთვნება სწორედ საარსებო წყაროების შექმნა. საარსებო წყაროების შექმნის მიმართულებით, სააგენტოს მიერ ეკომიგრანტთა მომსახურება ეფექტური იქნება და ეკომიგრანტებს სააგენტოს მხრიდან საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების შედეგად, საარსებო წყარო შეექმნებათ, მატერიალური მდგომარეობა გაუუმჯობესდებათ და შემოსავალი გაეზრდებათ. ამასთან, სააგენტოს დონორი ორგანიზაციებიდან არასაბიუჯეტო სახსრების მოძიება გაუადვილდება, რაც საარსებო წყაროებზე ეკომიგრანტების ხელმისაწვდომობის გაზრდას უზრუნველყოფს“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

რაც შეეხება იმ სფეროებს, რომლებზეც შესაძლებელი იქნება, სააგენტომ გრანტი გასცეს, ესენია: განათლების სფერო, სამეცნიერო გრანტები, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების ინტეგრაციის ხელშეწყობა, ახალგაზრდული და საზოგადოებრივი პროექტების დაფინანსება, საარსებო წყაროებზე მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია და საერთაშორისო საზოგადოებაში მათი დამკვიდრების ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიმართ სახელმწიფო ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება და ა.შ.