საარსებო მინიმუმის ოდენობამ მაისში 190.1 ლარი შეადგინა, რაც ბოლო წლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია
საარსებო მინიმუმის ოდენობამ მაისში 190.1 ლარი შეადგინა, რაც ბოლო წლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

საქართველოში 2019 წლის მაისში, გასულ თვეებთან შედარებით,  საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა და ბოლო წლებში დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 190.1 ლარი შეადგინა. აპრილში აღნიშნული მაჩვენებელი 185.0 ლარი იყო.

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, აპრილთან შედარებით, მაისში 4 ლარითა და 50 თეთრით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 168.4 ლარს შეადგენს.

საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი კი, მაისში 318.9 ლარზე დაფიქსირდა.

რაც შეეხება საარსებო მინიმუმს სულადობის მიხედვით, ერთსულიან ოჯახზე თანხა 168.4 ლარით განისაზღვრა, ორსულიანზე – 269.4 ლარით, სამსულიანზე – 303.1 ლარით, ოთხსულიანზე – 336.8 ლარით, ხუთსულიანზე – 378.9 ლარით, ექვსსულიანზე და მეტზე – 448 ლარით.

მაისში გასულ თვეებთან შედარებით საარსებო მინიმუმი ყველა მიმართულებით გაიზარდა. მაგალითად, აპრილში ხუთსულიანი ოჯახისთვის საარსებო მინიმუმი 368.8 ლაარი იყო.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. თავის მხრივ, მინიმალური სასურსათო კალათა შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან  –  პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.

 

დატოვე კომენტარი