საარჩევნო თემატიკის სამუშაო ჯგუფში პარტიების დაფინანსების წესსა და სარეკლამო დროის განაწილების საკითხებზე შეთანხმდნენ
საარჩევნო თემატიკის სამუშაო ჯგუფში პარტიების დაფინანსების წესსა და სარეკლამო დროის განაწილების საკითხებზე შეთანხმდნენ

საარჩევნო თემატიკაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში შეთანხმებას ორ საკითხზე მიაღწიეს.

როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, შეთანხმება მიღწეულია პარტიების დაფინანსების წესსა და სარეკლამო დროის განაწილებაზე.

„პრაქტიკულად, შეთანხმებას მივაღწიეთ ორ მნიშვნელოვან საკითხზე. ერთი პარტიების დაფინანსების ახალ მოდელს ეხება, რომელიც გულისხმობს პროპორციულ რეგრესულ მოდელს, სადაც ყველა პოლიტიკური პარტია იმდენ დაფინანსებას მიიღებს, რამდენ ხმასაც მოიპოვებს. ასევე, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მცირე მხარდაჭერას მიიღებენ, გარკვეულწილად, უფრო მეტ დაფინანსებას მოიპოვებენ, რათა მოხდეს მცირე და ახალი პოლიტიკური პარტიების წახალისება და კონკურენტუნარიანობის გაზრდა.

რაც შეეხება სარეკლამო დროს, აქაც შეთანხმება მიღწეულია. უფრო სამართლიანი მოდელია, როცა არჩევნებში რეალური შედეგების მქონე პოლიტიკურ პარტიას უფასო სარეკლამო დროს აძლევ, რაც თავის ამომრჩეველთან კომუნიკაციისთვის გამოადგებათ. სარეკლამო დრო ექნებათ პარლამენტში შესულ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც შეაგროვებენ არანაკლებ სამ პროცენტიან მხარდაჭერას. მოსაზრებაა, რომ ეს ბარიერი ორ პროცენტამდე შევამციროთ. პრინციპული წინააღმდეგობა არ გვაქვს, თუ ამაზე კონსესუსი იქნება”, – განაცხადა თალაკვაძემ.