საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართება
საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართება

საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.

საპარლამენტო უმცირესობა შეხვედრაზე 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხს დააყენებს. იმ შემთხვევაში, თუ უმცირესობის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, საპარლამენტო ოპოზიცია მმართველ გუნდთან საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებების გაგრძელებას აღარ გეგმავს.

„შეხვედრაზე დავაყენებთ 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხს. ეს მოთხოვნა მარტო ჩვენ კი არ გვაქვს, არამედ აქვს რამდენიმე ასეულ ათას საქართველოს მოქალაქეს. ამ თემასთან დაკავშირებით პარლამენტში 250 ათასზე მეტი ხელმოწერა შევიტანეთ. არ ვაპირებთ ვიყოთ დიალოგში, რომელიც არ იქნება კავშირში პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან”, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ.

არასაპარლამენტო ოპოზიცია საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებულ შეხვედრაზე პარტიების დაფინანსების საკითხს დააყენებს. როგორც „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ახვლედიანი აცხადებს, მთავარ საკითხად კვლავ საარჩევნო სისტემის პროპორციულზე გადაყვანა რჩება.

„მთელი ოპოზიციური სპექტრი და მთელი საზოგადოება თვლის, რომ არსებობს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი – ეს არის საარჩევნო სისტემის თემა. სისტემა, რომელიც თუ შეიცვლება, უნდა მოყვეს ძალიან მნიშვნელოვანი თემები, როგორიც არის საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პროცესი, პარტიათა დაფინანსების საკითხი, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვის საკითხი. უმნიშვნელოვანესია საარჩევნო სისტემის თემა. ჩვენ მზად ვართ, ვისაუბროთ ამ თემებზე, რადგან ეს არის ზეპარტიული საკითხი. ეს არის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი, დემოკრატიული არჩევნები“, -განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებიც დაესწრებიან. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, სულხან სალაძის თქმით, დაინტერესდებიან საკითხით, რომელიც ცესკო-ს დაკომპლექტების წესს ეხება.

„მხარს ვუჭერთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით. მეორე საკითხი ეხება პარტიების დაფინანსებას. გვაინტერესებს ამ მიმართულებით, რა ტიპის ხედვა აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს და ზოგადად, მმართველ პარტიას. შემდეგი საკითხი ეხება უკვე ცესკო-ს დაკომპლექტების წესს. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით შევეცდები, რომ მივიღო ინფორმაცია პარლამენტის თავმჯდომარისგან“, – განაცხადა სულხან სალაძემ.

მმართველი გუნდი განმარტავს, რომ სამუშაო პროცესი აწყობილი იქნება ეუთო-ს რეკომენდაციების გარშემო. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე იმედს გამოთქვამს, რომ საბოლოო ჯამში ფართო კონსენსუსი მიღწეული იქნება.

„ჩვენი მხრიდან იქნება ძალიან მშვიდი, საქმიანი გარემო შეთავაზებული. ველით, რომ ეს პროცესი კონსტრუქციულად წარიმართება.საბოლოო ჯამში, იმედი მაქვს, რაც შეიძლება ფართო კონსენსუსით ამ ცვლილებებს განვახორციელებთ. ეს სამუშაო პროცესი იქნება აწყობილი ეუთო-ს რეკომენდაციების გარშემო და არ ითვალისწინებს გადაწყვეტილებების შეცვლას, რომელიც ჩვენ უკვე მივიღეთ საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სამუშაო პროცესში ჩართული იქნებიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. კერძოდ, შვიდი საარჩევნო სუბიექტი და ასევე ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია.