საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე საჯარო განხილვა დღეს მიმდინარეობს
საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე საჯარო განხილვა დღეს მიმდინარეობს

დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე საჯარო განხილვა მიმდინარეობს.  განხილვა აჭარის რეგიონში იმართება და მასში პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე; პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი; ასევე ვიცე-სპიკერი, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი; დამოუკიდებელი დეპუტატი მარიამ ჯაში; აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე მონაწილეობენ.

განხილვის დაწყებისას საარჩევნო სისტემის ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა.

„მე დავარქმევდი ამას უფრო საარჩევნო სისტემის ცვლილებას, ვინაიდან ის კონკრეტულად საარჩევნო სისტემას ეხება. რაც შეეხება კონსტიტუციას, კონსტიტუცია ჩვენ შევცვალეთ 2018 წელს და აქ არიან ის ადამიანებიც, ვინც ხმა მისცეს მაშინ საკონსტიტუციო რეფორმას. ეს იყო უმნიშვნელოვანესი ცვლილებები ჩვენი კონსტიტუციის ტექსტში და დღეს, დღევანდელი კონსტიტუცია არის ეროვნულ ფასეულობებზე, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული, ევროპული ტიპის დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, უახლეს პოლიტიკურ ისტორიაში პირველად, ხელისუფლებაში მყოფმა პოლიტიკურმა ძალამ, „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნისას მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და შეცვალა საარჩევნო სისტემა.

„დღევანდელ კონსტიტუციაში უკვე არის ასახული, რომ ჩვენი ქვეყანა სრულად პროპორციულ სისტემაზე გადადის 2024 წელს. ეს არის უკვე მოცემულობა. ჩვენ გვქონდა მაშინ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ჩვენ დავპირდით საზოგადოებას, რომ ამ ცვლილებას ჩავწერდით კონსტიტუციაში და ის უკვე ასახულია ქვეყნის მთავარ დოკუმენტში. რაზეც მაშინ შეთანხმება ვერ შედგა და აზრთა სხვადასხვაობა შემდეგაც გაგრძელდა და გრძელდება დღესაც, სანამ კენჭისყრა შედგება და ჩვენ საბოლოოდ მივიღებთ ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, უთანხმოება და შეუთანხმებლობა გრძელდებოდა თარიღთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, პოლიტიკური ძალების ნაწილი ითხოვდა, რომ პროპორციული არჩევნები ჩატარებულიყო უფრო ადრე, არსებობდა ძალიან მყარი არგუმენტები, თუ რატომ 2024 წელს, თუმცაღა დღეს არის ჩვენი მხრიდან პოლიტიკური ნება და არის შეთანხმება ოპოზიციის ფართო სპექტრს შორის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ პირობა, რომ კენჭისყრის დროს ცვლილებებს სრული მხარდაჭერა ექნება, ძალაშია.

„კიდევ ერთხელ, გუნდის სახელით მინდა, დავაფიქსირო – ჩვენი პირობა, რომ ამ სისტემას ექნება საპარლამენტო კენჭისყრის დროს სრული მხარდაჭერა, არის ძალაში. ჩვენ უკვე 18 ივნისის შემდეგ, ანუ 19 ივნისიდან დავიწყებთ ამ საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე მუშაობას. პარლამენტი დაიწყებს მის განხილვას და მაღალი ალბათობით, ივნისის ბოლომდე უკვე შევძლებთ სამი მოსმენით დავამტკიცოთ ცვლილებები იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის წევრთა ¾ დაუჭერს მას მხარს კენჭისყრაზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.