„საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებს დღეს პარლამენტი მეორე მოსმენით კენჭს უყრის
„საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებს დღეს პარლამენტი მეორე მოსმენით კენჭს უყრის

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში განხილვები გრძელდება. „საარჩევნო კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს ოპოზიცია და მმართველი გუნდი სამუშაო შეხვედრას გამართავს, სადაც იმსჯელებენ იმ შეუთანხმებელ საკითხებზე, რომელიც კანონპროექტთან დაკავშირებით არსებობს. შეხვედრის შემდეგ კი საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით პლენარულ სესიაზე გავა.

ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით თითქმის ყველა ძირეულ საკითხზე შეთანხმება მიღწეულია, თუმცა ოპოზიციის ნაწილისთვის ქალთა კვოტების გადანაწილება კვლავ შეუთანხმებელ საკითხად რჩება.

„კვოტების საკითხზე, რომელიც შესაძლებელია, რომ არ იყოს კოდექსში, გავაკეთებთ ყველაფერს, ოპოზიციური პარტიები ყოველ შემთხვევაში, ორი ფრაქცია უკვე შევთანხმდით ამაზე, „ლელო“ და „შარლ მიშელის ჯგუფი“, რომ ეს პუნქტი, კვოტირების გაუარესებული მუხლი არ აღმოჩნდეს საარჩევნო კოდექსში”, – განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, ხათუნა სამნიძემ.

მმართველი გუნდი აცხადებს, რომ კანონპროექტი სრულად იზიარებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. შალვა პაპუაშვილი ქალთა კვოტირების საკითხთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ქალთა კვოტირების რაოდენობა რჩება იგივე, როგორც აქამდე იყო კანონმდებლობის მიხედვით. პაპუაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ პლენარულ სესიაზე საარჩევნო რეფორმას სრული მხარდაჭერა ექნება.

„პლენარულ სხდომამდე გაიმართება სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც კიდევ ერთხელ შევაჯეროთ საბოლოო პოზიციებს კანონპროექტთან დაკავშირებით. იცით, რომ საკომიტეტო მოსმენაზე ძირითადი პრინციპები შევათანხმეთ. იყო რამდენიმე დეტალი, რომელზეც ვმუშაობდით. პლენარულ სხდომაზე, იმედი მაქვს, რომ მხარდაჭერა ექნება ყველა პარტიის მხრიდან მეორე მოსმენით ამ პროექტს. რაც შეეხება კვოტების საკითხს, მთავარი აქ არის ერთი რამ – არაფერი არ იცვლება, ეს არის მნიშვნელოვანი. ამას უნდა შევხედოთ პერსპექტივაში. კერძოდ, იმ ჩანაწერით, რომელიც დღეს კანონმდებლობაში არსებობს, ყოველ მეორე პარტიულ სიაში უნდა იყოს სხვა სქესის წარმომადგენელი. აქ, რა თქმა უნდა, ძირითადად საუბარია ქალების წახალისებაზე. ამ ჩანაწერის მიზანია, უზრუნველყოს საკრებულოებში მინიმუმ 20-პროცენტიანი წარმომადგენლობა ქალების, ისევე როგორც პარლამენტში არის ეს კვოტებით უზრუნველყოფილი. გამომდინარე იქიდან, რომ ხდება საარჩევნო სისტემის შეცვლა, ანუ ხდება მაჟორიტარული და პროპორციული თანაფარდობის შეცვლა, ამ ცვლილების გამო მოხდა კვოტირების შეცვლა ყოველი მესამეთი და რჩება იგივე რაოდენობა, 20 პროცენტი ქალთა წარმომადგენლობის უზრუნველყოფა, როგორც ხდებოდა დღევანდელი კანონმდებლობით”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.