„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებით, საარჩევნო წელს პარტიების სატელევიზიო რეკლამისთვის ბიუჯეტიდან დამატებითი დაფინანსება გამოიყოფა
საარჩევნო წელს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყოფა დაფინანსება სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარად.
ამის შესახებ აღნიშნულია „საარჩევნო კოდექსის“ პროექტში, რომელიც ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო სექტორს მმართველმა გუნდმა წარუდგინა.
პროექტში ნათქვამია, რომ თანხას მხოლოდ ის პარტიები მიიღებენ, რომელთაც ბოლო საერთო არჩევნების შედეგების მიხედვით წარმოეშვათ დაფინანსების მიღების უფლება.
ამასთან, ინიციატივით კონკრეტდება, რომ არჩევნებში მონაწილე პარტიისთვის განკუთვნილი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 600 000 ათას ლარს და საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი თანხის არანაკლებ 15 პროცენტი გამოყენებული უნდა იყოს წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად არანაკლებ შვიდ მაუწყებელში, რომლებიც არ არიან ეროვნული მაუწყებლები.
ცვლილებების მიხედვით, საარჩევნო სუბიექტმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარჩევნო კამპანიის ხარჯების დაფინანსების მიზნით, ცესკო-ს წერილობით უნდა მიმართოს არჩევნებამდე არაუგვიანეს 38 დღისა.