საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფი გასვლით შეხვედრას დღეს გამართავს
საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფი გასვლით შეხვედრას დღეს გამართავს

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფი, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს, გასვლით შეხვედრას კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ დღეს გამართავს.

როგორც „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ განაცხადა, მისი პარტია ორიენტირებულია იმაზე, რომ მაქსიმალურად აისახოს საარჩევნო კოდექსში ის ნორმები, რომელიც უზრუნველყოფენ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის თანასწორ უფლებებს.

„საქმე იმაშია, რომ უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში ყველაფერი დამახინჯდა ისე, რომ მორგებული ყოფილიყო ორი საპარლამენტო პარტიის, „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებზე. ბოლო თვეებში კარგია, რომ ეს კურსი ნაწილობრივ მაინც გადაიხედა, ამიტომ აუცილებელია მედიაშიც იყვნენ არამარტო „ოცნება“ და „ნაციონალები“, არამედ ჩანდნენ არასაპარლამენტო პარტიები. ანალოგიურად დაფინანსების შესაძლებლობა ჰქონდეთ სხვა პარტიებს და ზოგადად, საარჩევნო კამპანია არ იყოს პოლარიზებული, არ იყოს მორგებული ორ ძალაზე.

ქართული სახელმწიფო, ქვეყნის პოლიტიკური კლიმატი მხოლოდ მოიგებს, თუ მომავალ პარლამენტში იქნებიან წარმოდგენილი ის პარტიები, რომელთა გაკრეფისა და განადგურებისათვის წლების მანძილზე ბევრი რამ გაკეთდა“,- განაცხადა კუკავამ.