საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფი დღეს საარჩევნო დავებისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხს განიხილავს
საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფი დღეს საარჩევნო დავებისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხს განიხილავს

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფი, კაჭრეთში მიმდინარე დღევანდელ გასვლით შეხვედრაზე საარჩევნო დავებისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხს განიხილავს.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პარლამენტის უმრავლესობა მზად არის, გაითვალისწინოს ყველა ინიციატივა, რომელსაც შეხვედრის მონაწილეები დააყენებენ.

„მზად ვართ, გავითვალისწინოთ ყველა ინიციატივა, რომელიც დადგება შეხვედრის მონაწილეთა მხრიდან და, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას”“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, როგორც პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ხელმძღვანელი, მამუკა კაციტაძე აღნიშნავს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვასთან დაკავშირებით აუცილებელია დაკონკრეტება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევაში, რა სანქცია იქნება გამოყენებული.

„გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია კი, რომელიც შეხვედრაში მონაწილეობს, მიიჩნევს, რომ მათი მოთხოვნა საარჩევნო ასაკის დაწევასთან დაკავშირებით გათვალისწინებული არ იქნება და შესაბამისად, შეხვედრიდან დიდი მოლოდინი არ აქვს. ასევე, მისი თქმით, შეხვედრაზე საბიუჯეტო თანხების განაწილებაზე იქნება საუბარი.

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს. შეხვედრა დღის მეორე ნახევარში დასრულდება.