საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან ერთად სხვადასხვა სახის შეზღუდვა ამოქმედდა
საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან ერთად სხვადასხვა სახის შეზღუდვა ამოქმედდა

საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებიდან სხვადასხვა შეზღუდვა ამოქმედდება, მათ შორის აკრძალვა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე, სამუშაო საათებში წინასაარჩევნო კამპანიისა და აგიტაციის წარმოებაზე.

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, კანონმდებლობის თანახმად, აკრძალულია სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებზე რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წინასარჩევნო კამპანიის წარმართვა.

„გარდა ამისა, კანონმდებლობით აკრძალულია პირების მიერ, რომლებსაც არ ეკრძალებათ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღება, მასზე სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან რაიმენაირად დამოკიდებული პირის ჩაბმა ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს შეუწყობს რომელიმე კანდიდატის წარდგენას ან არჩევას“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, კანონმდებლობით, ასევე აკრძალულია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, სამუშაო საათებში წინასაარჩევნო კამპანიისა და აგიტაციის წარმოება. გარდა ამისა, აკრძალულია არა მხოლოდ სამუშაო საათებში, არამედ სამსახურებრივი ფუნქციების შესრულების დროსაც.

„კანონმდებლობით განსაზღვრულია, რომ თუკი მანამდე არ იყო განსაზღვრული მასშტაბური პროექტების განხორციელება დაგეგმილი, ისინი არ უნდა განხორციელდეს. გარდა ამისა, კანონმდებლობით აკრძალული არის პენსიების, შემწეობების გაზრდა, თუკი ეს მანამდე არ იყო დაგეგმილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტით.

ასევე, გარკვეული ვალდებულებები აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს. კონკრეტულად, მათ უნდა გამოყონ ის შენობა-ნაგებობები, სადაც წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვის უფლება აქვს თითოეულ კანდიდატს.

ეს შენობა-ნაგებობები თანაბრად უნდა იყოს გამოყენებული და შესაბამისად, თანაბრად უნდა იყოს მიწოდებული თითოეული კანდიდატისთვის. ეს არის ის აკრძალვები და ვალდებულებები, რაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული საარჩევნო კამპანია ოფიციალურად ხვალიდან იწყება.