საარჩევნო ცვლილებების ინიცირება 21 სექტემბრამდე იგეგმება
საარჩევნო ცვლილებების ინიცირება 21 სექტემბრამდე იგეგმება

საარჩევნო ცვლილებების ინიცირება 21 სექტემბრამდე იგეგმება. ცვლილებებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატი მოამზადებს. ცვლილებების თაობაზე ამ წუთებში პარლამენტში სამუშაო ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი და დამკვირვებლის სტატუსით საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ესწრებიან. შეხვედრას დამკვირვებლის სტატუსით ესწრება აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი.

შეხვედრას პროტესტის ნიშნად არ ესწრება საია, რომელიც „სამართლიანი არჩევნების“ თაობაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

როგორც ჟურნალისტებს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა გივი მიქანაძემ განუცხადა, საარჩევნო კოდექსის რევიზია ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნების საფუძველზე უნდა განხორციელდეს.

„სამუშაო ჯგუფის წევრებმა კონკრეტული შენიშვნები და წინადადებები წარმოადგინეს. კერძოდ, რეკომენდაციები ეხება იმას, თუ რა მიმართულებით არის განხორციელებული ცვლილებები და რა უნდა გაკეთდეს. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ შესაძლებლობა გაჩნდება, რომ იურიდიული კომიტეტის აპარატმა საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება დაიწყოს, რომელსაც ორი კვირა დასჭირდება. სექტემბრის შუა რიცხვებში, ცვლილებების ინიცირებამდე იქნება ბოლო სამუშაო შეხვედრა, სადაც რედაქციული ხასიათის შენიშვნებს განვიხილავთ და 21 სექტემბრამდე მოხდება ცვლილებების ინიცირება”, – აცხადებს მიქანაძე.

დეპუტატის ცნობით, საუბარია იმ საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებაზე, რომელიც ეხება – საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევას, კომისიის წევრთა სერთიფიცირებას.

„განხილვა ასევე მიმდინარეობს იმაზე, რამდენად შეიძლება ელექტრონული ფორმატით არჩევნების ჩატარების გაფართოება. ასევე იქნება საუბარი მარკირების თაობაზე, რაც განხორციელდება იმ ადამიანებთან მიმართებაში, ვისთანაც გადასატანი ყუთი მიდის. შშმ პირებზე მოხდება კანონმდებლობის კიდევ უფრო განმტკიცება. ასევე იქნება ცვლილებები ფინანსურ გამჭვირვალეობაზე. რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია, თუმცა რამდენიმე საკითხია, რაზეც გვაინტერესებს ოპონენტების პოზიცია“, – განაცხადა მიქანაძემ.

დღეს, სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა მიმდინარეობს. პირველ შეხვედრას საია დაესწრო, „ისფედს“ კი „ქართული ოცნება“ სამუშაო ჯგუფში ჩართვის უფლებას არ აძლევს, რადგან ორგანიზაციას პოლიტიკური ინტერესების გამტარებლად მიიჩნევს.