საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო
საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო

საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო. როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბიულეტენები იბეჭდება 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისა და თერჯოლასა და სამტრედიაში ექვს საარჩევნო უბანზე გასამართი საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის.

ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი რამდენიმე დღეს გაგრძელდება და მას ცესკო-ს წევრებთან ერთად, ორი საერთაშორისო და ხუთი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 12 დამკვირვებელი დააკვირდება.

„საერთო ჯამში, თბილისის ექვს სტამბაში 3 709 საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება 3 259 900 ბიულეტენი. მათგან 3 252 800 განკუთვნილია პრეზიდენტის არჩევნებისთვის, ხოლო 7 100 – საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის. ამომრჩევლებს კენჭისყრის დღეს, 28 ოქტომბერს გადაეცემათ თითო ბიულეტენი პრეზიდენტის ასარჩევად, ხოლო თერჯოლისა და სამტრედიის ექვსი უბნის ამომრჩევლებს – ორი ბიულეტენი, როგორც პრეზიდენტის, ისე საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, კანონმდებლობის თანახმად, ზუსტი აღრიცხვის მიზნით, საარჩევნო ბიულეტენები თანმიმდევრობით დაინომრება და 50-50 ცალად აიკინძება ბლოკნოტების სახით. თითოეულ საარჩევნო უბანს ამომრჩეველთა რაოდენობიდან გამომდინარე, გადაეცემა 50-ის ჯერადი ოდენობის ბიულეტენი.

აღსანიშნავია, რომ ბიულეტენები ასევე დაიბეჭდება ეთნიკური უმცირესობების ენებზე: ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე ბიულეტენები მიეწოდება 209 საარჩევნო უბანს, ხოლო ქართულ-სომხურ ენებზე – 133 საარჩევნო უბანს. ასევე, ოთხი საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება სამენოვანი ბიულეტენები (ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხური).

ცენტრალური საარჩევნო კომისია კანონით განსაზღვრულ ვადებში (არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მეორე დღისა) საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცემს ბიულეტენებს. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისიები კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათისა უზრუნველყოფენ ბიულეტენების მიწოდებას საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის.

ცესკო-ს პრესსპიკერის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ასევე იბეჭდება როგორც ამომრჩეველთა სამაგიდო (ფოტოსურათიანი), ისე სიის საჯარო (კედლის) ვერსია და ამომრჩეველთა ბარათები. ანა მიქელაძის თქმით, საბოლოო მონაცემებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში, საერთო ჯამში, რეგისტრირებულია 3 518 890 ამომრჩეველი.