სააპელაციო სასამართლოში ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში მსჯავრდებულების, აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის პროცესი გადაიდო
სააპელაციო სასამართლოში ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში მსჯავრდებულების, აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის პროცესი გადაიდო

სააპელაციო სასამართლოში ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში მსჯავრდებულების, აკო ჭელიძის და გიორგი კავილაძის პროცესი გადაიდო. ერთ-ერთი მსჯავრდებული, ჭელიძე პროცესს დისტანციურად უნდა დასწრებოდა, თუმცა ეს ტექნიკურად ვერ მოხერხდა, რის შემდგომ ადვოკატებმა სასამართლოს პროცესის გადადების შუამდგომლობით მიმართეს.

ამასთან, მედიასთან კომენტარი გააკეთა მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედამ, იზო ომიაძემ.

„პირველ რიგში, მადლობას გიხდით ჟურნალისტებს. რომ არა თქვენ, ალბათ ეს საქმე ისე ჩაიფარცხებოდა, როგორც არა ერთი. ასეც იყო დაგეგმილი თავიდანვე. წინა სხდომაზე მკვლელმა კავილაძემ იმდენად გააშიშვლა მეფე და თავისი თავი, რომ მოუწოდა ვიღაცას, ვინც მუშაობს პარლამენტში, მოუწოდა ახალგაზრდებს, რომლებსაც დატოვებული აქვთ ქვეყანა, თუ არ მიშველით და არ დამიხსნით აქედან, ყველას სათითაოდ დაგადებთ ხელსო. რაც შეეხება ჭელიძის ოჯახს და მის დედას, საერთოდ არ ვთვლი ამ ოჯახს ადამიანებად. ყოველდღე, პროცესის წინ და ისეც, ძალიან მიჭირს, მაგრამ მონატრებას ამით ვებრძვი, რომ ვნახულობ ჩემი შვილის დახვრეტის კადრებს. დამხვრეტი იყო ჭელიძე და დედა, რომელმაც ჭელიძე გაზარდა, ის დედა არ არის. აუცილებლად დავდებ ამ ოჯახის მოძღვრის სამძიმარს და თხოვნას, რომ მიმეცა უფლება, სვანური წესით გაესამართლებინათ აკო ჭელიძე. მე არ ვითხოვ სვანური წესით გასამართლებას, მაგრამ რატომ არ აღიარებენ დანაშაულს? აკო ჭელიძე აბსოლუტურად გაყვანილი ჰყავთ თამაშიდან, რადგან კავილაძე ჰყავთ დასაცავი. კავილაძემ ყველაფერი იცის. სახელებსა და გვარებს დაასახელებს გიორგი კავილაძე. ერთადერთი იმას გეტყვით, რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა მოდის შორეული საბჭოთა ქვეყნიდან, რუსეთიდან, იქ დაიგეგმა და, ვფიქრობ, რომ კავილაძის ოჯახი და კავილაძე ძალიან ფასეულია, რადგან ამ ოჯახმა ყველაფერი იცის. გაასაჯაროონ მისი აყვანისა და დაკითხვის კადრები. ნიკო კვარაცხელია იყო შემდგარი ახალგაზრდა, ძალიან სერიოზულ საქმეს ეჭიდებოდა, ამ საფრთხეებზე ჩვენ თავის დროზე არ გვიფიქრია. აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე აუცილებლად დაასახელებენ შემკვეთებს, მე ამის მოლოდინი მაქვს. მე არანაირი ინტერესი არ მაქვს, რომ ძმები კაკულიები დაასახელოს, მფარველები ძალიან სერიოზული ადამიანები არიან. რაც შეეხება კაკულიებს, გადავხედე მათ ჩვენებას და ისინი დუმილის უფლებას იყენებენ. თავიდან, როცა ეს ფაქტი მოხდა, მაშინვე გაჩნდა ვერსია, რომ კაკულიები იყვნენ შემკვეთები. ჩემს შვილს არანაირი შეხება არ ჰქონია კაკულიებთან. როდესაც კავილაძე აიყვანეს, პირდაპირ დაასახელა კაკულიები და ხელი დაადო მათ. ერთმა პოლიციელმა უთხრა მეზობლებს, რომ გავრცელებულიყო ეს მასალა, ეს არის უტყუარი ინფორმაცია, მათ უნდოდათ, ამ კუთხით წაეყვანათ ეს საქმე, მაგრამ არ გამოუვათ. ნიკო მოკლეს იმის გამო, რომ იყო ძალიან წარმატებული ახალგაზრდა, მისი პროექტი იყო გრანდიოზული და, ვფიქრობ, ასეთი ნიჭიერი ადამიანები ამ ქვეყანაში არ სჭირდებათ“, – განაცხადა იზო ომიაძემ.

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 14 დეკემბრისთვის ჩაინიშნა.