სააპელაციო სასამართლოში ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილის საქმის განხილვა დღეიდან იწყება
სააპელაციო სასამართლოში ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილის საქმის განხილვა დღეიდან იწყება

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილის საქმის განხილვა დღეიდან იწყება. როგორც ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი მდინარაძემ განაცხადა, სასამართლო როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს განიხილავს.

ადვოკატის თქმით, მოსამართლემ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ბრალდების მხარემ ვერც ერთი უტყუარი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას დაადასტურებდა.

„დღეს იწყება სააპელაციო განხილვა ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილის საქმის. განხილვა იქნება როგორც დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის, ასევე ბრალდების მხარის. როგორც მოგეხსენებათ, პროკურორმა გაასაჩივრა და ითხოვს, რომ იმ მუხლში, რომელშიც იგი უდანაშაულოდ ცნეს, გამტყუნდეს და შესაბამისი სასჯელი დაენიშნოს, რომელიც 7-დან 10-წლამდე მუხლს ითვალისწინებს. ჩვენ გავასაჩივრეთ იმ ნაწილში, სადაც გამტყუნდა. შედარებით ნაკლებად მძიმე მუხლში, სადაც ჯარიმა დაეკისრა. სააპელაციო სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევა ხელახლა არ მოხდება. სასამართლო იმსჯელებს იმ მტკიცებულებებზე, რაც უკვე გამოკვლეულია. ჩვენი პოზიცია ემყარება იმ გარემოებებს, რომ სასამართლომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმას, რომ ნიკანორ მელიამ ჩაიდინა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება. ორი მუხლი, რომელიც წარედგინა ნიკანორ მელიას, ერთი სპეციალური და ერთიც ზოგადი მუხლია. სპეციალურ მუხლში სასმართლომ ჩათვალა, რომ არ არის მტკიცებულებები და გაამართლა. გაუგებარია, ზოგად მუხლში როგორ გაამტყუნა. იმედი მაქვს, სააპელაციო საჩივარს სასამართლო დააკმაყოფილებს და სრულად უდანაშაულოდ ცნობს“, – განაცხადა ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი მდინარაძემ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს 13 თებერვალს მიმართა.

პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც, ნიკა მელიას ჯარიმა და ორი წლითა და სამი თვით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა განესაზღვრა, ზურაბ ადეიშვილს კი პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურა ნიკა მელიასთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.

„ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიას ბრალი ორი მუხლით ჰქონდა წარდგენილი. სსკ-ის 332-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, რაც სამსახურებრივ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს, მელია დამნაშავედ იქნა ცნობილი და 25 000 ლარიანი ჯარიმა განესაზღვრა, ხოლო 205-ე მუხლში კი გამართლდა (ქონების დამალვა მოჩვენებით, ან თვალთმაქცური გარიგებით).

რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს, ადეიშვილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნა ცნობილი. მას ხუთი წლითა და სამი თვით პატიმრობა შეეფარდა.

ამასთან, ნიკა მელიას დამატებით სასჯელად ორი წლით და სამი თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

აღნიშნულ საქმეზე ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი 2013 წელს წაუყენეს. ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, ხოლო ნიკა მელიას 25 000-ლარიანი გირაო.