სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარის პოსტზე, ამავე სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე გამწესდა
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარის პოსტზე, ამავე სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე გამწესდა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარის ვაკანტურ პოსტზე, ამავე სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე გამწესდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი კი, ამავე თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულმა საბჭოს წევრმა, ირაკლი შენგელიამ დაიკავა.

აღნიშნული საკითხზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს, სხდომაზე იმსჯელეს.

არცერთ ვაკანსიაზე სხვა განაცხადი არ იყო შესული.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა სხდომაზე სურვილი გამოთქვა, რომ სააპელაციო სასამართლოს მნიშვნელობიდან გამომდინარე, აღნიშნულ ვაკანსიებზე გამწესების მსურველ კანდიდატებს საბჭოს წინაშე გასაუბრება გაევლოთ. მსგავსი პოზიცია ჰქონდა ანა დოლიძესაც.

არამოსამართლე წევრების მოსაზრებას არ დაეთანხმნენ საბჭოს მოსამართლე წევრები. მათი თქმით, საბჭო არ უნდა იყოს გვარებზე დამოკიდებული. მათივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც მიხეილ ჩინჩალაძე არის სასამართლოს თავმჯდომარე, მას აქვს საკმარისი გამოცდილება, გამწესდეს ვაკანტურ პოსტზე. მათივე მოსაზრებით, მაშინ როდესაც მხოლოდ თითო მსურველია ვაკანსიებზე, არ არის საჭირო გასაუბრების ჩატარება.