სააპელაციო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების საჩივარი დაუშვებლად ცნო
სააპელაციო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების საჩივარი დაუშვებლად ცნო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საჩივარი აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული გირაოსა და საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვაზე, დაუშვებლად ცნო.

​როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის სააპელაციო სასამართლოში განუცხადეს, პირველი ინსტანციის განჩინება ძალაში დარჩა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, 26 ივლისს, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, თითოეულს 700 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მათ აეკრძალათ საზღვრის დატოვება საგამოძიებო უწყების გაფრთხილება-თანხმობისგარეშე.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წარედგინათ, ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.