ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მხარეები მტკიცებულებებზე ისაუბრებენ
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მხარეები მტკიცებულებებზე ისაუბრებენ

სააპელაციო სასამართლო ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის განხილვას იწყებს. დღეს პირველი სხდომა ჩატარდება. მხარეები სხდომაზე საკუთარ მტკიცებულებებზე ისაუბრებენ.

როგორც ცნობილია, ახალი მტკიცებულებების დართვას ითხოვს ორივე მხარე. ჯერ მთავარი პროკურატურა ამ მტკიცებულებების შინაარსზე არ საუბრობს.

„ბრალდებიის მხარე აპირებს ახალი მტკიცებულებებს წარდგენას. ეს მყარი მტკიცებულებები ბევრ მნიშვნელოვან გარემოებას ნათელს მოჰფენს. დაცვის მხარემ მედიის საშუალებით საკუთარ მტკიცებულებებზე ინფორმაცია გაავრცელა. დაცვის მხარის მტკიცებულებები ვერ შეძლებს გააბათილოს ჩვენი პოზიცია. წინასწარ შევიკავებ თავს პოზიციების გაჟღერებისგან, ჯერ  სასამართლოში არ გვითქვამს“, – განაცხადა პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ.

ამასთან, დაცვის მხარე ამ დრომდე ბრიტანელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას ელოდება. მათი თქმით, ექსპერტიზა რამდენიმე დღეში ექნებათ და სწორედ ამის შემდეგ წარადგენენ სააპელაციო სასამართლოში გამოსაკვლევად.

ადვოკატების განცხადებით, ეს იქნება მათთვის საქმეში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება.

„თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარვადგენთ ახალ მტკიცებულებას, რომელიც ექსპერტიზის დასკვნას შეეხება, სადაც პასუხები იქნება გაცემული იმ უმნიშვნელოვანეს კითხვებზე, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს. აქ იქნება საუბარი დანების, სხვადასხვა საგნის, ჭრილობების რაოდენობაზე, ლოკალიზაციაზე და ასე შემდეგ. აღნიშნული მტკიცებულება იქნება გადამწყვეტი მოცემულ საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა უახლოეს დღეებში გვექნება. როგორც კი ამ დასკვნას მივიღებთ, მაშინვე წარვადგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ასევე, დავაყენებთ შუამდგომლობას დაიკითხონ ის ექსპერტები, რომლებმაც ექსპერტიზა ჩაატარეს. ისინი მათ მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას დაადასტურებენ და უპასუხებენ ყველა იმ შეკითხვას, რომელიც დაცვის, ბრალდების მხარესა და სასამართლოს ექნება“, – განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.

მეორე ინსტანციაში ორივე მხარე დავობს. პროკურატურა შეცვლილ კვალიფიკაციას და დაცვის მხარე გამამტყუნებელ განაჩენს ასაჩივრებს.

საქალაქო სასამართლოს განაჩენის მიხედვით, გ.ჯ, რომელსაც ბრალად ედებოდა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობა, სასამართლომ დამნაშავედ ცნო მკვლელობის მცდელობისთვის. მეორე არასრულწლოვანს, გ.ბ-ს, რომელსაც ბრალად ედებოდა, როგორც დავით სარალიძის, ასევე ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობა, სასამართლომ ერთი ბრალდება მოუხსნა და ის დამნაშავედ ცნო ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში.

დაცვის მხარის ინფორმაციით, მეორე ინსტანციაში ერთ-ერთი ახალი მტკიცებულება ის ექსპერტიზა იქნება, რაც საქმეზე მათი დაკვეთით ბრიტანელმა ექსპერტებმა ჩაატარეს.