საამიროების ვაჭრობის მინისტრი – საამიროები და საქართველო განაგრძობენ დინამიკური ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავებას, რასაც საფუძვლად უდევს ქვეყნებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება
არაბთა გაერთიანებული საამიროები და საქართველო განაგრძობენ დინამიკური ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავებას, რასაც საფუძვლად უდევს ჩვენს ქვეყნებს შორის გაფორმებული ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება (CEPA), – ამის შესახებ არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის მინისტრი თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
როგორც თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდი აღნიშნავს, მარიამ ქვრივიშვილთან ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილა.
„2025 წელს ჩვენმა არასანავთობო სავაჭრო ბრუნვამ 782.1 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 20.9%-იან ზრდას წარმოადგენს და თითქმის ოთხჯერ აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს. შევხვდი ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, მის აღმატებულება მარიამ ქვრივიშვილს, რათა განგვეხილა, თუ როგორ ვიმუშაოთ ამ დადებითი დინამიკის შენარჩუნებაზე და გავაფართოოთ სავაჭრო-საინვესტიციო თანამშრომლობა ისეთ პრიორიტეტულ სექტორებში, როგორებიცაა ლოგისტიკა, ტურიზმი, უძრავი ქონება და განახლებადი ენერგეტიკა“, – წერს სოციალურ ქსელში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის მინისტრი.
მარიამ ქვრივიშვილისა და თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის ორმხრივი შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.