საახალწლო გალაკონცერტი პირველი რესპუბლიკის მოედანზე [ფოტო]
საახალწლო გალაკონცერტი პირველი რესპუბლიკის მოედანზე [ფოტო]

პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო გალაკონცერტი – „გვიყვარდეს ერთმანეთი“ მიმდინარეობს.

ღონისძიება ახალი წლის დადგომამდე ერთი წუთით ადრე დაიწყო, ხოლო ტრადიციული „მრავალჟამიერის“ შემდეგ, თბილისის მოსახლეობას დედაქალაქის მერმა მიმართა და ახალი, 2022 წელი მიულოცა.

„მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, მივესალმები სრულიად საქართველოს, მივესალმები ჩემს თბილისს, მივესალმები საზღვარგარეთ მყოფ ჩემს თანამემამულეებს. ძალიან მიხარია, რომ ამდენი ადამიანი შეიკრიბა რესპუბლიკის მოედანზე. მინდა, განსაკუთრებით მივულოცო და მივესალმო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს, თავის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს და ემსახურება ჩვენს ქვეყანას.

ჩემო მეგობრებო, გილოცავთ ახალ 2022 წელს. 2021 წელი იყო რთული წელი. ყველაფერი ცუდი, რაც იყო, უნდა ჩავაბაროთ წარსულს, გავატანოთ 2021 წელს და ახალი იმედებით, ახალი ენერგიით, ახალი ენთუზიაზმით უნდა შევხვდეთ 2022 წელს. მინდა, წარმატებები გისურვოთ, გამარჯვებები, სიხარული, წინსვლა, ბედნიერება და რაც მთავარია, მშვიდობა ჩვენს სამშობლოს. სულიერი სიმშვიდე ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. გილოცავთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გალაკონცერტში მონაწილეობენ წამყვანები – ნიკა წულუკიძე, ნანიკო ხაზარაძე, აპოლონ კუბლაშვილი, მარიამ ჯოლოგუა და ლიზა წიკლაური; ორკესტრი,მუსიკოსები, 30-მდე სოლისტი, 15-მდე ანსამბლი და საგუნდო კოლექტივი. კერძოდ, სამების საკათედრო ტაძრის  გუნდი, ანსამბლი „ბასიანი“, ანსამბლი „ქართული ხმები“, ანსამბლი „ჰერიო“, ანსამბლი „ალილო“, „თეატრალურის კვარტეტი“, ანსამბლი „ფორტე“, მომღერალ გოგონათა ჯგუფი, ანსამბლ „რუსთავის“მომღერლები, TheQuintessence, GeorgianSix, ახალგაზრდული კაპელა, ბიჭუნათა გუნდი, ნუკრი კაპანაძე, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, ანრი ჯოხაძე, გიორგი მეფისაშვილი, „რანინას“ მომღერლები, ქრისტინე იმედაძე, თაკო გაჩეჩილაძე, გიორგი ჭოხონელიძე, ლუკა ჭოხონელიძე, არჩილ ნიჟარაძე, ბადრი ჩიხიაშვილი, თიკა მახალდიანი, დათუნა სირბილაძე, მაია ჯაბუა, ეკა კახიანი, ნინი ბადურაშვილი, ნატალია ქუთათელაძე, ნათია დუმბაძე, მიხეილ სულუხია, ნინო ძოწენიძე, სოფო გელოვანი, ნათია პერანიძე, მიშო ჯავახიშვილი, სოფო ბედია, ელენე ფოჩხუა, ანი კეკუა, მანანა თოდაძე, აჩი მეფარიძე და ნატო გელაშვილი.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, კონცერტის მონაწილეები ქართველი დიზაინერების სამოსით არიან წარმოდგენილნი, რაც ხელს შეუწყობს ქართული მოდის ინდუსტრიის პოპულარიზაციას.

პროექტის ხელმძღვანელია ნინო ნოდია, კონცეფციის ავტორი და დამდგმელი რეჟისორია ბაკურ ბაკურაძე, პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელია ქეთი გაბისიანი, მთავარი დირიჟორი – ნიკა ნიკვაშვილი, ხოლო სცენის დეკორაციის ესკიზი ეკუთვნის მხატვარ თამარ ფოცხიშვილს.