სააკაშვილმა კიევში აქციაზე შეკრებილებს ვიდეოჩართვით მიმართა - მე დავბრუნდები, უკრაინაში შეხვედრამდე
სააკაშვილმა კიევში აქციაზე შეკრებილებს ვიდეოჩართვით მიმართა - მე დავბრუნდები, უკრაინაში შეხვედრამდე

კიევში „ახალი ძალების მოძრაობის“ მარში დასრულდა. ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა ტარას შევჩენკოს მოედნიდან მსვლელობა კიევის ქუჩებში მოაწყვეს და მიხაილოვის მოედანზე აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნა კვლავ უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტი იყო.

მიხაილოვის მოედანზე შეკრებილებს ვიდეოჩართვით მიმართა მიხეილ სააკაშვილმა. ოდესის ყოფილი გუბერნატორის განცხადებით, მალე უკრაინელი ხალხი პრეზიდენტობის ახალ კანდიდატს დაასახელებს. მისივე თქმით, ის უკრაინაში დაბრუნებას კვლავ აპირებს.

„პოროშენკომ ძალით გამაგდო ქვეყნიდან და მას ეგონა, რომ პრობლემა გადაწყდა. მაგრამ ხალხი ქუჩაში გამოდის არა სააკაშვილის, არამედ უკრაინის გამო. უკრაინელ ხალხს ვეღარ შეაჩერებენ. მე დავბრუნდები. უკრაინაში შეხვედრამდე“, – მიმართა მიხეილ სააკაშვილმა თავის მხარდამჭერებს.

აქციაზე შეკრებილებს სიტყვით დავით საყვარელიძემ და უკრაინელმა ოპოზიციონერებმაც მიმართეს. მათი თქმით, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა რადას მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. კარვების ქალაქში გადაინაცვლეს, რადგან გავრცელდა ინფორმაცია, რომ კარვების ქალაქზე შტურმი განხორციელდა. თუმცა, ადგილზე მისვლისას აღმოჩნდა, რომ ინფორმაცია მცდარი იყო.