საავტორო სტატია „ევროაქტივზე“ - სააკაშვილმა იცის, რომ გამარჯვება არ შეუძლია და ახლა როგორც ჩანს, თავს იმით ინუგეშებს, რომ ქვეყნის დესტაბილიზაციას უწყობს ხელს
საავტორო სტატია „ევროაქტივზე“ - სააკაშვილმა იცის, რომ გამარჯვება არ შეუძლია და ახლა როგორც ჩანს, თავს იმით ინუგეშებს, რომ ქვეყნის დესტაბილიზაციას უწყობს ხელს

ევროკავშირის მედიაციის შედეგები დიდწილად სააკაშვილზეა დამოკიდებული. საქართველოს შეუძლია, გახდეს სამაგალითო ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომ არა სააკაშვილის დიდი ჩრდილი, რომელიც ქართულ პოლიტიკას თან სდევს. ახლა „ერთიანი ნაციონალური მოძარობა“ სააკაშვილის ამბიციების მძევალია, – ამის შესახებ ნათქვამია „ევროაქტივზე“ გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში.

პუბლიკაციის ავტორი გეორგი გოტევი აღნიშნავს, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა საკუთარ ქვეყანას კარგთან ერთად, ბევრი ცუდიც გაუკეთა.

„რამდენი კარგის გაკეთება შეუძლია ერთ ადამიანს ქვეყნისთვის ან რამდენი ცუდის?, არის თუ არა ექსტრაორდინალური, რომ ერთსა და იმავე ადამიანს, მისი ცხოვრების ერთ ნაწილში კარგის გაკეთება შუძლია, ხოლო მეორეში – ცუდის? საფრანგეთში მიმდინარეობს დისკუსია, უნდა აღნიშნონ თუ არა ნაპოლეონის გარდაცვალებიდან 200 წლისთავი. არგუმენტები ამ შემთხვევაშიც იგივეა. ნაპოლეონმა საფრანგეთი დიდებამდე მიიყვანა, მაგრამ ვატერლოოს შემდეგ, საფრანგეთის ტერიტორია იმაზე ნაკლები იყო, ვიდრე ნაპოლეონი ჩაიგდებდა ხელში ძალაუფლებას, – ნათქვამია საავტორო სტატიაში.

საავტორო სტატიის ავტორი წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად დიდებული რეფორმატორი იყო, თუმცა ამასთან ერთად, მას დიდი წარუმატებლობები ჰქონდა.

„სააკაშვილის პრეზიდენტობის მეორე ვადა გამორჩეული იყო უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდით (ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ათი პროცენტით გაიზრდა) და კორუფციის მნიშვნელოვანი შემცირებით. სააკაშვილის საგარეო პოლიტიკას პროდასავლურად და პრონატოდ ახასიათებდნენ. ეს პოლიტიკა მისი შემცვლელებისა და პოლიტიკური მტრების პერიოდშიც იგივე რჩება“, – წერს ავტორი.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბევრი ადანაშაულებს 2008 წელს მოსკოვის მიერ დაგებულ ხაფანგში გაბმასა და რუსეთისთვის საქართველოს რეგიონების ოკუპაციისთვის საბაბის მიცემაში.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილმა ქვეყანა დატოვა 2013 წელს, როდესაც მისმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნები წააგო.

„მას ბრალი წაუყენეს და 2017 წელს დაუსწრებლად გაასამართლეს თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და კორუფციისთვის. ის ახლა უკრაინაში ცხოვრობს. ქვეყანაში, რომელსაც საქართველოსთან ექსტრადიციის შესახებ ხელშეკრულება არ აქვს. სააკაშვილი უკრაინაში ახლაც პოპულარულია და მას დღემდე მიიჩნევენ პროდასავლელ რეფორმატორად“, – წერს ავტორი.

მისივე თქმით, სააკაშვილი დღემდე ინარჩუნებს პოლიტიკურ გავლენას საქართველოში და მის მიერ დაფუძნებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში ყველაზე დიდი ოპოზიციურ პარტიაა.

„შარშან „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 27 პროცენტი მიიღო და 150-ადგილიან პარლამენტში 36 დეპუტატი შეიყვანა. მისმა მეტოქე „ქართულმა ოცნებამ“ კი 48 პროცენტი და 90 საპარლამენტო მანდატი მიიღო. მაგრამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნების შედეგები გაასაჩივრა და არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა. თუმცა ოპოზიციამ ვერ შეძლო დაემტკიცებინა, რომ არჩევნები მასობრივად გაყალბდა. ამ ნაბიჯმა ქვეყანა ქაოსამდე მიიყვანა. ოპოზიციონერმა კანონმდებლებმა პარლამენტს სხდომაზე დასწრების ნაცვლად, პარლამენტის შენობის წინ კარვები გაშალეს. გასულ თვეს პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდა, რასაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის დაპატიმრება და პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოჰყვა“, – ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ კრიზისის მედიაცია საკუთარ თავზე აიღო ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, რომელიც თბილისში გასულ კვირას ჩავიდა.

„ევროკავშირის მედიაციის შედეგები დიდწილად სააკაშვილზეა დამოკიდებული. საქართველოს შეუძლია, გახდეს სამაგალითო ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომ არა სააკაშვილის დიდი ჩრდილი, რომელიც ქართულ პოლიტიკას თან სდევს. ახლა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის ამბიციების მძევალია. თავად სააკაშვილი კი პოზიციების შენარჩუნებას მხოლოდ და მხოლოდ იმ მხარდაჭერით ახერხებს, რომლითაც ის ევროკავშირის მმართველ წრეებში სარგებლობს. წრეებში, რომლებიც მზად არიან, თვალი დახუჭონ სააკაშვილის მიერ მიყენებულ ზიანზე, რადგან სააკაშვილი დასავლეთში უყვართ.

„ჩემ შემდეგ ყველაფერი წყალს წაუღია“, – თქვა ერთხელ საფრანგეთის მეფე ლუი მეთხუთმეტემ. როგორც ჩანს, სააკაშვილს მეტად აღარ სურს საუკეთესო საკუთარი ქვეყნისთვის. სააკაშვილმა იცის, რომ გამარჯვება არ შეუძლია და ახლა როგორც ჩანს, თავს იმით ინუგეშებს, რომ ქვეყნის დესტაბილიზაციას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, ის ერთვება თამაშში, რომელიც მისმა ყოფილმა მეტოქემ, ვლადიმერ პუტინმა წამოიწყო. კრემლში სააკაშვილის მსგავს ადამიანებს „სასარგებლო იდიოტებს“ უწოდებენ“, – აღნიშნულია სტატიაში.