სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძრის ფაქტზე შსს-მ სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო გამოძიება
სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძრის ფაქტზე შსს-მ სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო გამოძიება

მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძრის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება დაიწყო.

მიხეილ სააკშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი დღეს გაჩნდა. დაიწვა საოფისე ინვენტარი 15 კვადრატულ მეტრ ფართობზე.

ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი.

„დღეს დილით, როდესაც ქუჩაში პრაქტიკულად არავინ არ იყო და ხალხი დღესასწაულს აღნიშნავს, „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ პირველ სართულზე გაჩნდა ხანძარი და ეს იმ პირობებში, როდესაც დენი ბიბლიოთეკაში გათიშული იყო და სადენები პრინციპში არ უნდა აალებულიყო.

„სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა“ ბოლო ხანებში ძალიან აქტიურია ნიღბების და სადეზინფექციო საშუალებების დარიგების კუთხით და ბევრჯერ მოხვდა ახალ ამბებში და რა თქმა უნდა, აღიზიანებს ქვეყნის „მფლობელებს“! იმედია, ეს ინციდენტი კარგად იქნება გამოძიებული, თუ ახლა არა, ამათი შემოდგომაზე მოშორების შემდეგ აუცილებლად დავადგენთ, რა მოხდა ზუსტად“, – დაწერა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“.

მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი ფეისბუქლაივში ამბობს, რომ ბიბლიოთეკის „დემონტაჟს“ აპირებს, ისმის დაუდგენელი საგნების სროლისა და მსხვრევის ხმა, ხოლო შემდეგ აჩვენებს, როგორ დგას ცეცხლწაკიდებული ბიბლიოთეკის წინ.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.