„სააკაშვილის მიმართ ყველა პროცედურა სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში მოხდება“
„სააკაშვილის მიმართ ყველა პროცედურა სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში მოხდება“

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ ყველა პროცედურა ორმხრივი სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში მოხდება.

ჟურნალისტებთან საუბარში ბესელია უკრაინაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნა გაგზავნილი აქამდეც იყო და ამ თემაზე განცხადება გაკეთებული აქვთ როგორც იუსტიციის სამინისტროს, ასევე მთავარ პროკურატურას.

“ეს სამართლებრივი პროცედურა საერთაშორისო თანამეგობრობის ფარგლებში და შიდა ეროვნული კანონმდებლობით უკვე დაწყებულია, რადგან საქართველოში სააკაშვილს წინასწარი პატიმრობა შეფარდებული აქვს და ბრალი აქვს წაყენებული. მის მიმართ დაპატიმრების ბრძანება გაცემულია, ასევე არის ძებნის პროცედურაც დაწყებული. ექსტრადირების მოთხოვნა თავის დროზე იყო და ყველა შემდგომი სამართლებრივი პროცედურა ორმხრივი სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში მოხდება”, – განაცხადა ბესელიამ.