სააკაშვილის საქმის მოწმე - დაურეგისტრირებელ დოკუმენტებში ვნახეთ წვეულებებზე, ოქროს სამკაულებზე დახარჯული თანხის ქვითრები
სააკაშვილის საქმის მოწმე - დაურეგისტრირებელ დოკუმენტებში ვნახეთ წვეულებებზე, ოქროს სამკაულებზე დახარჯული თანხის ქვითრები

შემოწმების დროს ვნახეთ სწავლის გადასახადის, წვეულებებსა და ოქროს სამკაულების შეძენაზე დახარჯული თანხის ქვითრები, თუმცა ასევე იყო პატაკები, რომლებიც ადასტურებდა, რომ თანხა ოპერატიული მიზნებისთვის დაიხარჯა, – ამის შესახებ შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილმა თანამშრომელმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც ის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე დაიკითხა.

აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულები არიან ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სდსს-ს ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია.

როგორც მოწმემ აღნიშნა, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო განყოფილებაში შემოწმების დროს ნახეს ბაინდერებში ჩაკერებული პატაკება, სადაც დოკუმენტების უმრავლესობა დარეგისტრირებული არ ყოფილა.

„პირველი პატაკი იყო თანხის გამოყოფაზე და მეორე იყო ინვოისი ან ქვითარი, რომ თანხა ოპერატიული ღონისძიებებისთვის დაიხარჯა.

იყო სწავლის გადასახადის, წვეულებასა და ოქროს სამკაულების შეძენაზე დახარჯული თანხის ქვითრები. რეალურად, რაც იმ დოკუმენტებში ვნახე, თანხა მოთხოვნილი იყო ოპერატიული მიზნებისთვის, თუმცა დახარჯული იყო სხვა მიზნით, იმისთვის, რაც ჩამოვთვალე. თუმცა ასევე იყო პატაკები, რომელიც მართლა ოპერატიული მიზნებისთვის იყო გამოყენებული. პატაკის ავტორად იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი. მე ვალდებულად ჩავთვალე თავი, დამეწერა პატაკი იმ დოკუმენტებზე, რითაც დასტურდებოდა, რომ თანხა ოპერატიული მიზნებისთვის არ იყო გამოყოფილი“, – განაცხადა შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილმა თანამშრომელმა მამუკა ლომიძემ.

საქმის პროკურორის, გიორგი მუჯირის განცხადებით, მოწმემ დაადასტურა, რომ დოკუმენტები, რითაც დასტურდებოდა, რომ თანხები პრეზიდენტის პირადი კომფორტისთვის გაიცემოდა, უკანონოდ იყო გასაიდუმლოებული.

ვიდრე დღევანდელ პროცესზე მოწმეს დაკითხავდნენ მოსამართლემ სხდომის დაწყებისას დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელიც ომბუდსმენის აპარატის დასკვნის გათვალისწინებას ეხებოდა. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე სახალხო დამცველს მოუსმენენ.

საუბარია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, ბრალდებულ თემურ ჯანაშიას შესახებ ომბუდსმენის მიერ მომზადებულ დასკვნაზე. კონკრეტული თარიღი, როდის გამოიძახებენ ნინო ლომჯარიას სასამართლოში, უცნობია.

საქმის განხილვა კვლავ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის მამუკა ლომიძის დაკითხვით 28 ივნისს 11:00 საათზე გაგრძელდება, რადგან დღევანდელ პროცესზე მოწმის დაკითხვა ვერ მოესწრო.