სააკაშვილი-ჯანაშიას მიერ ბიუჯეტის თანხის გაფლანგვის საქმის განხილვა სასამართლოში უშუქობის გამო გადაიდო
სააკაშვილი-ჯანაშიას მიერ ბიუჯეტის თანხის გაფლანგვის საქმის განხილვა სასამართლოში უშუქობის გამო გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვის საქმეზე სასამართლო სხდომა გადაიდო.

სხდომის გადადების მიზეზი სასამართლოს შენობაში უშუქობა გახდა.

სააკაშვილი-ჯანაშიას მიერ ბიუჯეტის თანხის გაფლანგვის საქმეზე დღეს ბრალდების მხარის მოწმე, ფინანსთა ყოფილი მინისტრი კახა ბაინდურაშვილი უნდა დაეკითხათ.

როგორც საქმის პროკურორმა განაცხადა, ბაინდურაშვილი სასამართლოს მიაწვდის ინფორმაციას, როგორ და რა ვითარებაში გაიზარდა ყოფილი პრეზიდენტის მოთხოვნით სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტი 2011 წელს.

ბრალდების მხარე აცხადებს, რომ ეს ყოფილი პრეზიდენტის ხარჯების ზრდით იყო განპირობებული.

აღნიშნულ საქმეზე სასამართლო სხდომა 24 იანვარს, 11:00 საათზე გაიმართება.

პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროს თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის, 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვას ედავება.