სააკაშვილი-ჯანაშიას მიერ ბიუჯეტის თანხის გაფლანგვის საქმეზე აუდიტორი ნოდარ ვეკუა დაიკითხა
სააკაშვილი-ჯანაშიას მიერ ბიუჯეტის თანხის გაფლანგვის საქმეზე აუდიტორი ნოდარ ვეკუა დაიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გაფლანგვის საქმეზე აუდიტორი ნოდარ ვეკუა დაიკითხა.

ვეკუამ სასამართლოზე აუდიტორის დასკვნაში ასახული კვების, ტრანსპორტისა და სამედიცინო მომსახურების მხრივ თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე ისაუბრა.

პროკურორის ინფორმაციით, მოწმემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რასაც სახელმწიფო ბრალდება ამ საქმეში ბრალდებულებს ედავება. თემურ ჯანაშიამ კი მოწმის ინფორმაციას კომიკური უწოდა.

„მოწმე ამბობდა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეული ხარჯი ამ სამსახურს კი არა, ადმინისტრაციას უნდა გაეწია. საერთოდ სასაცილო რამე თქვა სამედიცინო ხარჯზე. ბევრი სისულელე თქვა, მაგალითად, კოსტიუმები პრეზიდენტისთვის მხოლოდ ფორმა თუ იყო, მაშინ უნდა შეეძინათ. ეს არის ფარატინა ქაღალდი, პროკურატურის დაკვეთით შესრულებული“, – განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გაფლანგვას ედავება.

სააკაშვილი-ჯანაშიას მიერ ბიუჯეტის თანხის გაფლანგვის საქმეზე მორიგი სხდომა 8 მაისს ჩაინიშნა.