სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ბათუმში ექსპორტის მხარდამჭერი პორტალის პრეზენტაციას გამართავს
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ბათუმში ექსპორტის მხარდამჭერი პორტალის პრეზენტაციას გამართავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და USAID REAP-ის მხარდაჭერით, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ ადგილობრივ ბიზნესსუბიექტებთან შეხვედრა გაიმართება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა 12:00 საათზე დაიწყება.

როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, რეგიონული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები დამსწრე საზოგადოებას გააცნობენ პრეზენტაციას ონლაინ პლატფორმის www.tradewithgeorgia.com შესახებ, რომლის მეშვეობით ქართველი მეწარმეები და სერვისის მიმწოდებელი დარეგისტრირდებიან და შესაძლებლობა მიეცემათ, თავიანთი პროდუქცია/სერვისები გააცნონ უცხოურ პოტენციურ პარტნიორებს.

„საიტის მიზანია ქართული ნაწარმითა და სერვისით დაინტერესებული პირებისათვის (უცხოელი იმპორტიორი, სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები და ასე შემდეგ) გამარტივდეს წვდომა ქართულ საექსპორტო პროდუქტებსა და სერვისებზე.

სახელმწიფო აქტიურად იქნება ჩართული საიტის პოპულარიზაციის კამპანიაში, როგორც ონლაინ სივრცეში, ასევე, მიზნობრივ ბაზრებზე.

ამასთან, ხელმისაწვდომი იქნება გზამკვლევი და ვიდეოგაკვეთილი, რომელიც დაეხმარება კომპანიებს პროფილის შევსების პროცესში.

ღონისძიების ფარგლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლები დამსწრე საზოგადოებას სააგენტოს საქმიანობას, მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრებენ. ადგილობრივი მეწარმეები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ კერძო სექტორის მხარდაჭერის ფინანსური მექანიზმების შესახებ“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.