სააფთიაქო ქსელების ნაწილში ადასტურებენ, რომ ბაზებში პირბადეების დეფიციტია 
სააფთიაქო ქსელების ნაწილში ადასტურებენ, რომ ბაზებში პირბადეების დეფიციტია 

სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლები ობიექტების ნაწილში პირბადეების დეფიციტს ადასტურებენ და ამას პროდუქციაზე გაზრდილი მოთხოვნით, ასევე ჩინეთიდან პროდუქციის მოწოდების შეჩერებით ხსნიან.

როგორც საქართველოს პირველ არხს „ჯიპისიში“ განუცხადეს, ამ ეტაპზე მარაგები აქვთ, თუმცა რადგან მოხმარება გაზრდილია, ცალკეულ ობიექტებში, მარაგის შევსებამდე პირბადეების დეფიციტი წარმოიქმნება, რაც მეორე დღისთვის ივსება.

როგორც „ჯიპისიში“ აცხადებენ, დეფიციტის თავიდან აცილების მიზნით ერთ მომხმარებელზე ერთ ჯერზე მაქსიმუმ 20 პირბადეს გასცემენ.

კომპანია „ავერსის“ აფთიაქებში პირბადეებს ასევე ლიმიტირებულად, მაქსიმუმ 20 ერთეულის ოდენობით ყიდიან.

როგორც კომპანიაში ამბობენ, „ავერსის“ ობიექტებში ამ ეტაპზე პროდუქციის მარაგები არსებობს, თუმცა ბაზებში, საიდანაც აფთიაქები მარაგდება, პირბადეები უკვე აღარ არის დარჩენილი.

კომპანიაში აცხადებენ, რომ გაზრდილ მოთხოვნასთან ერთად, დეფიციტი შექმნა იმანაც, რომ ჩინეთიდან, რომელიც საქართველოსთვის პირბადეების ძირითადი მომწოდებელია, პროდუქციის შემოტანა შეჩერებულია. მიზეზი თავად ჩინეთში, კორონავირუსის გავრცელების გამო, პირბადეებზე გაზრდილი მოთხოვნაა „ავერსში“ აცხადებენ, რომ მუშაობენ ალტერნატიული მომწოდებლების მოძიების მიზნით.

კომპანიებში ამბობენ, რომ მათთან პირბადეებზე ფასები არ გაზრდილა და ისინი 18-20 თეთრის ფარგლებშია.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს განაცხადა, რომ პირბადეების დეფიციტი მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა შექმნილი და გამონაკლისი ვერც საქართველო იქნება. მინისტრის თქმით, სამინისტრო მუშაობს, რომ მომწოდებლებმა დამატებითი პროდუქცია შემოიტანონ.