Ryanair-ის ხელმძღვანელი - ევროპული ავიაკომპანიების ნაწილი ნავთობის მაღალ ფასს ვერ გაუძლებს
Ryanair-ის ხელმძღვანელი - ევროპული ავიაკომპანიების ნაწილი ნავთობის მაღალ ფასს ვერ გაუძლებს

ევროპული ავიაკომპანიების ნაწილი ნავთობის მაღალ ფასს ვერ გაუძლებს და 2019 წლის დასაწყისისთვის შესაძლოა, გაკოტრდეს. ასეთ პროგნოზს ევროპის ლიდერი ირლანდიური დაბალ-ბიუჯეტიანი ავიაკომპანიის, Ryanair-ის ხელმძღვანელი მაიკლ ო’ლირი აკეთებს. ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი CNBC ავრცელებს.

ირლანდიური ავიაკომპანიის ხელმძღვანელის აზრით, გაკოტრების მიზეზი ბოლო 12 თვის განმავლობაში ნავთობზე და შესაბამისად, თვითმფრინავის საწვავზე სწრაფად მზარდი ფასებია. საწვავზე ფასის ზრდა ბაზარზე კონკურენციის გამძაფრებას დაემთხვა, რასაც რიგი ავიაკომპანია ვერ გაუძლებს.

„ერთი ბარელი ნავთობის 80 დოლარამდე გაძვირებას ევროპაში ზამთრისთვის უკვე მსხვერპლი მოჰყვება“ , -განუცხადა ლირმა CNBC-ს. მისი გათვლებით, ნავთობის ფასის ზრდა ევროპის ავიაბაზარზე კონკურენციის სურათს შეცვლის. კერძოდ, ის ავიაკომპანიები, რომლებიც ბარელზე 40 დოლარით ახერხებდნენ მოგებაზე გასვლას, გაორმაგებული ფასის პირობებში ამას ვეღარ შეძლებენ და სავარაუდოდ, 2019 წლის ზამთარს ვერ გაუძლებენ.

დღეს ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 79 დოლარსა და 16 ცენტზე დაფიქსირდა, დასავლეთ ტეხასური ნედლი ნავთობის ფასმა კი ბარელზე 71 დოლარი და 81 ცენტი შეადგინა.