რუსულმა თვითმფრინავებმა სუმი და ახტირკა ისევ დაბომბეს. როგორც მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, სამიზნე საცხოვრებელი უბნები და გაზსადენი იყო.
ღამით აფეთქების ხმა გაისმა კიევში, თუმცა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, შეიარაღებული ძალები დონეცკისა და სლოვოჟანსკის მიმართულებით იერიშებს იგერიებენ. ღამის განმავლობაში საბრძოლო შეტაკებები მიმდინარეობდა ხარკოვსა და ახტირკაში, ასევე მარიუპოლში. ჩრდილოეთით მტრის შესაკავებლად, თავდაცვას ინარჩუნებენ ჩერნიგოვში. ასევე, აკავებენ საოკუპაციო ძალებს სამხრეთით, კრივოი როგის, ნიკოლაევისა და ვოზნესენსკას მიმართულებით.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 09:00 საათიდან სუმში ჰუმანიტარული დერეფანი სამი მიმართულებით გაიხსნება. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, დღეს ამოქმედდება სულ ექვსი ჰუმანიტარული დერეფანი სუმიდან, კიევის ოლქის დასახლებული პუნქტებიდან, ენერგოდარიდან, მარიუპოლიდან, იზიუმიდან და ვოლნოვახადან.
რაც შეეხება დაღუპულთა შესახებ მონაცემებს, აშშ-ის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე 6 000-მდე რუსი სამხედროა დაღუპული, 15 000-დან 18 000-მდე კი დაშავებული. გაერო-ს მონაცემებით, ომის დაწყებიდან უკრაინაში დაიღუპა და დაშავდა სულ მცირე 1 424 ადამიანი. თუმცა, ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ეს მონაცემები სრულ სურათს ვერ ასახავს.