რუსულმა ძალებმა უკრაინაში „სოკარის“ ნავთობის ბაზაზე თავდასხმა განახორციელეს, დაშავდა ოთხი თანამშრომელი და დაზიანდა მილსადენი
რუსულმა ძალებმა უკრაინაში აზერბაიჯანული კომპანიის, „სოკარის“ ნავთობის ბაზას დაარტყეს.
გავრცელებული ცნობით, ოდესის ოლქში მდებარე ობიექტზე იერიში ე.წ. შაჰიდის ხუთი დრონის საშუალებით განხორციელდა, რის შემდეგაც ტერიტორიაზე ხანძარი გავრცელდა. დაშავდა ოთხი თანამშრომელი და დაზიანდა დიზელის საწვავის მილსადენი.
უკრაინული მედიის ცნობით, ეს უკვე რიგით მეორე მიზანმიმართული თავდასხმაა აზერბაიჯანთან დაკავშირებულ უკრაინულ კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე. ცოტა ხნით ადრე თავდასხმა განხორციელდა ბუნებრივი აირის გამანაწილებელ სადგურ „ორლოვკაზე“, რომლის საშუალებითაც აზერბაიჯანული გაზი უკრაინაში ხვდება.