რუსულმა არმიამ ჩერნიჰოვის სტადიონი გაანადგურა - ამ არენაზე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს უთამაშია #1TVSPORT
რუსეთის აგრესიის შედეგად, მე-17 დღეა უკრაინა იბომბება, ჩერნიჰოვის იური გაგარინის სახელობის სტადიონიც განადგურდა – საფეხბურთო არენა, სადაც ამ ქვეყნის პრემეირლიგის გუნდი „დესნა“ თამაშობდა.
„მესამეჯერ (!!!) რუსულმა არმიამ დაბომბა ქალაქის ყველაზე „საშიში სამხედრო ინფრასტრუქტურის“ ობიექტი – ჩვენი მშობლიური გუნდის სტადიონი. რაკეტები პირდაპირ გაზონზე ყრია – მათ ესროლეს მეორე ლიგის კლუბის სტადიონს. ფოტოზე ნაჩვენებია ღამის საჰაერო დაბომბვის შედეგები, მაგრამ ჩვენ ყველაფრის აღდგენას შევძლებთ, მხოლოდ გავძლიერდებით და უკეთესები გავხდებით. თქვენ კი, „მეზობლებო“, იცხოვრეთ ამით მთელი თქვენი ცხოვრება. გამარჯვება სიმართლეშია! გამარჯვება უკრაინას დარჩება“, – წერია „დესნას“ პრესსამსახურის გავრცელებულ ცნობაში.
ჩერნიგოვის არენა სამჯერ დაზიანდა რუსული ჯარის დაბომბვის შედეგად. პირველად იური გაგარინის სახელობის არენა შეტევის ობიექტი 6 მარტს გახდა, რის შემდეგადაც ერთ-ერთი ტრიბუნა დაზიანდა, შემდეგ კი ბარბაროსული თავდასხმით სტადიონის ტრიბუნის ქვეშ არსებული ბიბლიოთეკის შენობაც დაინგრა.
აღსანიშნავია, რომ ამ სტადიონზე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს უთამაშია – 2004 წლის 12 ოქტომბერს ჩვენი 21-წლამდელთა გუნდი, რომელსაც გოჩა ტყებუჩავა ავარჯიშებდა, 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში უკრაინას ესტუმრა და 0:6 დამარცხდა.