რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მეთაური აცხადებს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტს ხელს არ მოაწერს
რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მეთაური ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ ხელს არ მოაწერს კონტრაქტს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან. ინფორმაციას „დოიჩე ველეს“ რუსულენოვანი რედაქცია ავრცელებს.
მანამდე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რომელიც რუსეთში არსებულ „მოხალისეთა რაზმებს“ თავდაცვის სამინისტროსთან პირველ ივლისამდე კონტრაქტის გაფორმებას ავალდებულებს.
საპასუხოდ „ვაგნერის“ დამფუძნებელმა და მეთაურმა განაცხადა, რომ ეს ბრძანება არ გავრცელდება მის მებრძოლებზე. მისივე თქმით, „ვაგნერი ორგანულად არის ჩაშენებული რუსული ძალების სისტემაში“, ემორჩილება რუსეთის ინტერესებსა და უმაღლეს მთავარსარდალს და ათანხმებს საკუთარ ქმედებებს გენერალ სერგეი სუროვიკინთან.