რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა კრემლში შეხვედრისას მაჰმუდ აბასს შესთავაზა პალესტინაში კონფლიქტის დეესკალაციისთვის რუსეთის ნაბიჯების განხილვა
რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა კრემლში შეხვედრისას მაჰმუდ აბასს შესთავაზა პალესტინაში კონფლიქტის დეესკალაციისთვის რუსეთის ნაბიჯების განხილვა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს უმასპინძლა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა აბასს განუცხადა, რომ რუსეთი კვლავ ერთგულია ახლო აღმოსავლეთში მშვიდობიანი მოგვარების იდეის „ორი სახელმწიფოს“ პრინციპის საფუძველზე. თავის მხრივ, აბასმა მადლობა გადაუხადა რუსეთს მხარდაჭერისა და ჰუმანიტარული დახმარებისთვის და განაცხადა, რომ პალესტინელები უარყოფენ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იდეას, რომელიც ითვალისწინებს პალესტინელების გაძევებას ღაზის სექტორიდან და იქ „ახლო აღმოსავლეთის რივიერას“ შექმნას.

„ეს გეგმა მიუღებელია. ამიტომ უარვყავით ის. ჩვენ არ შეგვიძლია ამ გეგმის მიღება. არც ამერიკელებს და არც სხვა უცხოელებს არ აქვთ უფლება, მართონ ღაზა. ჩვენ გვსურს, დავბრუნდეთ ღაზის სექტორში და გვსურს, ღაზის სექტორი იმართებოდეს პალესტინური ადმინისტრაციის მიერ“, – აღნიშნა მაჰმუდ აბასმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას.

თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმა მაჰმუდ აბასს შესთავაზა პალესტინაში კონფლიქტის დეესკალაციისთვის რუსეთის ნაბიჯების განხილვა.

„სამწუხაროდ, ღაზის სექტორში წლის დასაწყისში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაც დაირღვა და სიტუაცია კვლავ გაუარესდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად განვიხილავთ ყველა ამ საკითხს, გავცვლით მოსაზრებებს იმის შესახებ, თუ რა შეუძლია, რუსეთს დამატებით გააკეთოს დაძაბულობის დეესკალაციისთვის“, – განაცხადა პუტინმა აბასთან საუბრისას.