რუსული მედიის ინფორმაციით, გერმანიის, შვედეთისა და საფრანგეთის ელჩები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
რუსული მედიის ინფორმაციით, გერმანიის, შვედეთისა და საფრანგეთის ელჩები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიის, შვედეთისა და საფრანგეთის ელჩები დაიბარეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის საგარეო უწყებაში ევროპელი დიპლომატების დაბარება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოწამვლისთვის მოსკოვისთვის ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესებას უკავშირდება.

ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 15 ოქტომბერს დააწესა. შავ სიაში მოხვდნენ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სერგეი კირიენკო, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორი ალექსანდრ ბორტნიკოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშინაო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანდრეი იარინი, თავდაცვის მინისტრის ორი მოადგილე, ასევე ციმბირის ფედერალურ ოლქში პრეზიდენტის წარმომადგენელი სერგეი მენიაილო.

ალექსეი ნავალნი მიმდინარე წლის 20 აგვისტოს ტომსკიდან მოსკოვში მიმავალი თვითმფრინავის ბორტზე შეუძლოდ გახდა. თვითმფრინავი ომსკში დაეშვა, საიდანაც ორი დღის შემდეგ, ოჯახის წევრებისა და ადვოკატების მოთხოვნით, ნავალნი გერმანიაში გადაიყვანეს. მოგვიანებით გერმანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პოლიტიკოსი ნერვულ-პარალიტიკური აგენტით „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. აღნიშნული დასკვნა შვედეთისა და საფრანგეთის ლაბორატორიებმაც დაადასტურეს.

დატოვე კომენტარი