რუსული მედიის ცნობით, ყაზანში ექვსი დრონი საცხოვრებელ სახლებს დაეჯახა
ყაზანში რვა დრონის თავდასხმა დაფიქსირდა, მათგან ექვსი დრონის თავდასხმა საცხოვრებელ სახლებზე განხორციელდა. ამის შესახებ ხელისუფლებაზე დაყრდნობით, რუსული სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ იტყობინება.
წინასწარი ინფორმაციით, დრონების თავდასხმის შედეგად დაღუპულები და დაშავებულები არ არიან.
მედიის ცნობით, დრონები შეეჯახნენ საცხოვრებელ კომპლექს „ლაზურნიე ნებესას“ კამალეევის პროსპექტზე (ქალაქის ყველაზე მაღალი შენობა), საცხოვრებელ კომპლექს „მანჰეტენს“ ორენბურგის გზატკეცილზე და ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლს კლარა ცეტკინის ქუჩაზე.
როგორც მედია წერს, „ლაზურნიე ნებესაში“ თათრეთის მეთაური რუსტამ მინიხანოვი ჩავიდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თათრეთის რესპუბლიკის საჰაერო სივრცეში ერთი ჩამოგდებული დრონის შესახებ განაცხადა.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, ყაზანში დრონების თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე სამრეწველო საწარმო იყო. რომელ საწარმოზეა საუბარი, არ დაზუსტებულა. მომხდარის გამო თათრეთის რესპუბლიკაში შაბათ-კვირას დაგეგმილი ყველა მასობრივი ღონისძიება გაუქმდა. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ თათრეთის მეთაურის პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.
მანამდე ყაზანის მერიამ განაცხადა, რომ დრონების თავდასხმის გამო სკოლებში შერჩევითი ევაკუაცია ჩატარდა.