რუსული მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ რუსეთის მოქალაქეებს საცხოვრებელი ადგილიდან ნებართვის გარეშე გამგზავრება ეკრძალებათ
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსული მედია იმ შეზღუდვებზე წერს, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებისთვის ამოქმედდება.
როგორც რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარება სამობილიზაციო რესურსის ერთი პროცენტი.
„ინსაიდერის“ ცნობით, პუტინის მიერ სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, მოქმედი კანონით რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც სამხედრო აღრიცხვაზე არიან, საცხოვრებელი ადგილიდან ნებართვის გარეშე გამგზავრება ეკრძალებათ.
ამასთან, როგორც გამოცემა წერს, ამჟამად სამხედრო აღრიცხვას ექვემდებარება 18-იდან 27 წლამდე ყველა მამაკაცი, რომელიც არ არის რეზერვში. ასევე, რეზერვში მყოფი ყველა მამაკაცი. მათ შორის: სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილები და რეზერვში ჩარიცხულები; სახელმწიფო, მუნიციპალურ და სპეციალური არასახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებების კათედრებზე, ოფიცრების, სერჟანტებისა და რეზერვის სამხედროების მოსამზადებელი პროგრამების გავლილი პირები; პირები, რომლებმაც სამხედრო მომზადება არ გაიარეს, რადგან სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლებულები იყვნენ; პირები, რომლებმაც სამხედრო მომსახურება არ გაიარეს, რადგან სამხედრო გაწვევა გადაუვადდათ ან რაიმე სხვა მიზეზით არ გაიწვიეს სამხედრო სამსახურში; ის პირები, რომლებიც სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს სამხედრო აღრიცხვაზე დაყენების გარეშე და შემდეგომ სამხედრო კომისარიატებში აიყვანეს აღრიცხვაზე; პირები, რომლებმაც ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური გაიარეს; ქალები, რომლებსაც სამხედრო სპეციალობა აქვთ.
სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარებიან: პირები, რომლებიც გათავისუფლებულნი არიან სამხედრო სამსახურისგან ფედერალური კანონით; პირები, რომლებიც ახლა გადიან სამხედრო სამსახურს ან ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურს; პირები, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდიან სასჯელს; ქალები, რომლებსაც არ აქვთ სამხედრო სპეციალობა; პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ საზღვარგარეთ; პირები, რომლებსაც აქვთ ოფიცრების სამხედრო წოდება და იმყოფებიან საგარეო დაზვერვის და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურების რეზერვში.
როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, პრეზიდენტის მიერ რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია შეეხება დაახლოებით 300 000 ადამიანს. მისივე თქმით, ის შეეხება არმიაში სამსახურის გამოცდილების მქონე პირებს და მათ, ვინც სამხედრო სპეციალობას ფლობს. შოიგუს თქმით, სტუდენტებსა და ახალწვეულებს მობილიზაცია არ შეეხებათ.
რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებაში ასევე ნათქვამია, რომ მობილიზაცია არ შეეხებათ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში დასაქმებულ პირებს. ასევე, კონკრეტული კატეგორიის პირებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება ეკუთვნით. ამ გადავადების წესებს მთავრობა განსაზღვრავს.
როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა თქვა, ყველა, ვისაც მობილიზაცია შეეხება, გაივლის დამატებითი სამხედრო მომზადების კურსს.
მობილიზაციადაქვემდებარებული პირები მიიღებენ იმავე სტატუსსა და ანაზღაურებას, რომელსაც კონტრაქტით მომსახურე სამხედრო მოსამსახურეები იღებენ. ანალოგიურ სტატუსს ასევე მიიღებენ უკრაინაში მებრძოლი მოხალისეები და დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ქვედანაყოფების მებრძოლები.
ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია 21 სექტემბერს დაიწყება და მისი დასრულების ვადა გაწერილი არ არის.