რუსული მედიის ცნობით, ტვერის ოლქში, ავიაკატასტროფის ადგილზე რვა ადამიანის ცხედარია ნაპოვნი
რუსული მედიის ცნობით, ტვერის ოლქში, ავიაკატასტროფის ადგილზე რვა ადამიანის ცხედარია ნაპოვნი

რუსული მედიის ცნობით, სასწრაფო დახმარების სამსახურმა ტვერის ოლქში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთაგან რვა ადამიანის ცხედარი უკვე იპოვა.

მათივე ინფორმაციით, თვითმფრინავი მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში მიფრინავდა. თვითმფრინავი სოფელ კუჟენკინოს მახლობლად ჩამოვარდა. მაშველები ამ წუთებში განაგრძობენ სამძებრო სამუშაოებს.

ამასთან, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მეორე ბიზნესთვითმფრინავი, რომელიც ასევე ეკუთვნის ევგენი პრიგოჟინს, მოსკოვში დაეშვა. Flightradar-ის ცნობით, Embraer ERJ-135BJ Legacy 650 ნომრით RA-02748 ოსტაფიევოში დაჯდა. მანამდე, 17:19 საათზე თვითმფრინავი დედაქალაქიდან სანკტ-პეტერბურგში გაფრინდა, სადაც 18:27 საათზე დაეშვა. ამის შემდეგ ის უკან დაბრუნდა და დედაქალაქში 20:02 საათზე დაეშვა.

„ბიბისი“ Fligradar24-ის სერვისის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ პრიგოჟინის Embraer Legacy 600 ბიზნესთვითმფრინავი სარეგისტრაციო ნომრით RA-02795, რონმელმაც ავიაკატასტროფა განიცადა, აფრინდა მოსკოვიდან. ლაინერთან კომუნიკაცია ტვერის ოლქის შერნევოს დასახლების მიდამოში დაიკარგა, მდინარე ვოლგის მახლობლად.

ასევე, სოციალურ ქსელებში ვრცელდება პირველი ვიდეოკადრები ავიაკატასტროფის ადგილიდან.

შეგახსენებთ, ტვერის ოლქში კერძო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. რუსული მედია „როსავიაციაზე“ დაყრდნობით წერს, რომ მგზავრებს შორის ირიცხებოდა „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი.

ცნობისთვის, რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა გუშინ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა. მედიის ცნობით, ვიდეო, სავარაუდოდ, აფრიკაშია ჩაწერილი.