რუსული მედიის ცნობით, სოჭის პორტსა და მოსკოვის ოლქზე უკრაინამ დრონებით იერიში მიიტანა

14:24, 03.09.2026

სოჭის პორტსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანეს. „ტელეგრამის“ არხების ცნობით, სოჭის პორტზე, სავარაუდოდ, შეტევა უპილოტო კატერებით მოხდა.

სოჭის პორტში აფეთქების კადრები „ტელეგრამის“ არხმა „ასტრამ“ გაავრცელა.

მედიის ცნობით, რუსეთის საკურირტო ქალაქამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო კატერმა მიაღწია და აფეთქდა.

მანამდე სოჭის მცხოვრებლები სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ, სულ მცირე, ორი ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს. მათი ინფორმაციით, პორტის თავზე კვამლის ორი კერა შეინიშნება.

ასევე ცნობილი გახდა, რომ უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს მოსკოვის ოლქზეც. დრონები საცხოვრებელ სახლებს დაეჯახნენ.

მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, კუბინკაში, ნარო-ფომინსკის გზატკეცილზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი მერვე და მეცხრე სართულების დონეზე გაჩნდა. შენობიდან ათი ადამიანის ევაკუაცია მოხდა, დაშავებულები არ არიან.

ვორობიოვის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში მოსკოვის ოლქში 56 დრონი ჩამოაგდეს.

ცნობისთვის, კუბინკაში მდებარეობს სამხედრო აეროდრომი, სადაც რუსეთის ავიაციის ჯგუფები არიან ბაზირებული.

მსგავსი