რუსული მედიის ცნობით, სანკტ-პეტერბურგში, ლენინგრადის ოლქსა და ტვერში დრონებით თავდასხმები მოხდა, რამაც Wildberries-ის საწყობებში ხანძარი გამოიწვია
გასული ღამის განმავლობაში რუსეთში, სანკტ-პეტერბურგში, ლენინგრადის ოლქსა და ტვერში დრონებით თავდასხმები მოხდა, რამაც Wildberries-ის საწყობებში ხანძარი გამოიწვია. ინფორმაციას რუსული მედია ადგილობრივ ხელისუფლებებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ლენინგრადის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრე დროზდენკოს განცხადებით, ლენინგრადის ოლქში დაახლოებით 50 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
სანკტ-პეტერბურგსა და ტვერზე დრონებით თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს BBC-ს რუსული რედაქციაც. მათი ცნობით, თავდასხმამ Wildberries-ის, სულ მცირე, ორ საწყობში დიდი ხანძარი გამოიწვია.
აფეთქებების ხმა ისმოდა ოკუპირებულ ყირიმშიც. მედიის ცნობით, ქალაქ სიმფეროპოლში, Wildberries-ის საწყობზე დრონებით თავდასხმები მოხდა.
ინფორმაცია მოგვიანებით კომპანიამ დაადასტურა. კომპანიის პრესსამსახურის ცნობით, Wildberries-ის დახარისხების ცენტრში, უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად, ევაკუაცია განხორციელდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.